ბექა ფერაძე – შრომის ინსპექცია ჩართული იქნება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექცია, ჩართული იქნება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული და სრულად იყოს უზრუნველყოფილი პერსონალის კომპენსაცია.
ფერაძის თქმით, საუბარია 4-თვიან, 1-წლიან და რიგ შემთხვევაში 3-წლიან კომპენსაციაზე, რაც სოლიდურ თანხებთან იქნება დაკავშირებული.
„რაც შეეხება კომპენსაციების ნაწილს, როგორც თქვენთვის ცნობილია, შრომის კოდექსის მიხედვით განსაზღვრულია გარკვეული პროცედურები, რაც უნდა განახორციელოს ორგანიზაციამ, როდესაც სამუშაო პროცესის შეჩერება ან დასაქმებული პერსონალის განთავისუფლება ხდება. ამ შემთხვევაში კანონმდებლობის მიხედვით საუბარია 1 და 2 თვეზე. უპრეცედენტოა ის, რასაც სახელმწიფო სთავაზობს მედპერსონალს. საუბარია 4 თვეზე, საუბარია 1 წელზე და რიგ შემთხვევაში 3-წლიან კომპენსაციაზე, ეს ციფრებში, რომ გადავიანგარიშოთ საკმაოდ სოლიდური თანხა იქნება.
მაგალითად, თუ 2000 ლარიანი ხელფასია, წლიურ შემთხვევაში იქნება 24 000 ლარი. შრომის ინსპექცია, როგორც მაკონტროლებელი ორგანო და მშრომელთა უფლებების დამცველი, ჩართული იქნება იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული და კომპენსაცია, რომელიც უპრეცედენტოა და კანონის მიღმა სთავაზობს დამატებით ბენეფიტად სახელმწიფო მედპერსონალს, სრულად უზრუნველყოფილი იქნება“, – განაცხადა ფერაძემ.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ასევე, ისაუბრა კლინიკის შენობის მდგომარეობაზეც და განაცხადა, რომ შრომის ინსპექციამ ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარება შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ პერსონალს და პაციენტებს საფრთხე ექმნებათ.
„როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ კლიმატური პირობების გამო რესპუბლიკური შენობის ფასადიდან განხორციელდა მინების ცვენა და, შესაბამისად, როდესაც შრომის ინსპექციამ შეისწავლა უსაფრთხოების მდგომარეობა, აღმოჩნდა რომ აქ არსებულ დასაქმებულ პერსონალს, ასევ პაციენტებს და ა.შ. ექმნებათ საფრთხე. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მაღალია რისკი იმისა, რომ გარკვეული დაზიანებები განხორციელდეს პერიმეტრზე გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით.
გარდა შრომის ინსპექციის მოკვლევისა, ასევე დავეყრდენით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, სადაც შენობის ფასადი მდგომარეობა კრიტიკულად არის შეფასებული, ამიტომ გაიცა მითითება, რომ განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ნორმების დაცვას, როგორც დასაქმებული პერსონალის მიმართ, ასვე გარე პირთა მიმართ“,- განაცხადა ფერაძემ.
ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი აშენდება.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.