ყველა შუაშისტი ალიანსშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – როგორც ჩანს, დამრიგებლებმა უთხრეს, რომ ახლა „ნაცმოძრაობისგან“ უნდა დისტანცირდნენ, რათა ელექტორატი მოიზიდონ და შემდეგ პარლამენტში გაერთიანდნენ, – ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.
აქვე, როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილს განვლილი გზიდან გამომდინარე, პოლიტიკური სიბრძნე ეყოფა და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუერთდება.
ოდიშარიას თქმით, ამ თვალსაზრისით, „ხალხის ძალის“ დღევანდელი განცხადება ძალიან საინტერესო და მისი ბევრი პასაჟი საგულისხმოა.
„100%-ით ვეთანხმები, მათი მოსაზრებები უნდა გაანალიზდეს. ხალხი ღირსია, უფრო მეტი იცოდეს. უტყუარია ის ფაქტები, რაც 2012 წლამდე მოხდა – გამოძალვები, წამებები, ბიზნესის დაყაჩაღება და ასე შემდეგ… 2012 წლის შემდეგ პარლამენტში ბეღურებივით მობუზული იყვნენ. ბოლო ხანებში კი თავი იჩინა ალიანსმა, რომელიც ხელოვნურად არის დაყოფილი – ვერ გეტყვით, ვის მიერ…. გამრავლდნენ პარტიებად და არა ელექტორალურად. თეთრი ძაფით არის ნაკერი ის, რასაც ახორციელებენ – ეს არის დესტრუქცია, ქვეყნის ჩამოშლა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.
ასევე, არსებობს ნიადაგი იმისა, ვიფიქროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში აღმოჩნდება – არ ვიცი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რომელ ფლანგს აირჩევს ის.
ვიმედოვნებ, რომ განვლილი გზიდან გამომდინარე, ზურაბიშვილს პოლიტიკური სიბრძნე ეყოფა და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუერთდება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.