ორბანის პოზიციონირება ნამდვილად არ უქმნის საფრთხეს ჩვენს ქვეყანას – კობახიძე რომ ხელმძღვანელობს კონსულტაციებს უნგრეთის მთავრობასთან მრავლისმეტყველია, დელეგაცია იცავს ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, რაზეც მალე შეიტყობთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, ოპოზიციის კრიტიკა ორბანის მიმართ „კლოუნადის აპოთეოზია.”
„ვიქტორ ორბანი თავის ქვეყნის და ერის გამოკვეთილი ლიდერია, აგერ 4- ჯერ თუ არა 5- ჯერ მოიგო ნაციონალური არჩევნები და მისდამი ნდობა მაღალია. ჩვენი ოპოზიცია ვის აკრიტიკებს? ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის, ქვეყნის ჭეშმარიტ პატრიოტ ლიდერს? თავად საკუთარ სახლში და სადარბაზოში არ აძლევენ ხმას. მათი კრიტიკა ორბანისადმი მიმართული კლოუნადის აპოთეოზია.
ბატონი ორბანის პოზიციონირება ევროკავშირში ნამდვილად არ უქმნის საფრთხეს ჩვენს ქვეყანას იმიტომ, რომ ის წარმოადგენს ქვეყანას და ხელისუფლებას, რომელიც ერთ- ერთი უპირველესი ჩვენი გულშემატკივარი და ლობისტია, მათ შორის, სტატუსის მონიჭებისა. ახლაც ის, რომ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს ჩვენს დელეგაციას და ასეთი მაღალი რანგის კონსულტაციებს უნგრეთის მთავრობასთან, მრავლისმეტყველია. ბუნებრივია, ჩვენი დელეგაცია იცავს ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, რაზეც დარწმუნებული ვარ, მალე შეიტყობთ საზოგადოება. რაც მთავარია, მივაღწევთ მიზანს რაც დასახული გვაქვს მოკლე დროში – კანდიდატის სტატუსის მიღება.
ქვეყნის მტერი ოპოზიციის განცხადებებს რაც შეეხება, მე მათი კრუსუნი არ მახსენდება მაშინ, როცა საქართველო დაისაჯა და უსამართლოდ არ მიენიჭა სტატუსი. რა კრიტერიუმებით შეიძლება დაწინაურებულიყვნენ ჩვენი პარტნიორები საქართველოსთან მიმართებით, იქნებ ვინმემ მითხრას?! საქართველო იყო, არის და იქნება უფრო წინ რეფორმებში, ეკონომიკურ განვითარებაში, თანმიმდევრულ პოლიტიკაში, ვიდრე არის მოლდოვა და უკრაინა. ამას საზოგადოება საკუთარ ტანზე, სხეულზე, ოჯახზე ქალაქებსა და სოფლებში გრძნობს,”- განაცხადა ოდიშარიამ.
ინფორმაციისთვის, ვიქტორ ორბანის პარტიამ უნგრეთის პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.
მანამდე ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ და არ მოიწვიონ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად.