ბექა ლილუაშვილი – ხელისუფლება ჟონგლიორობს ეკონომიკური ციფრებით, რომლიდანაც მიღებულ დოვლათს სრულად ინაწილებს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანების და ოჯახების ჯგუფი

როცა ვლაპარაკობთ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ყველამ მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, დამოკიდებულია სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი ათეული წელია ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან – ამ ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა აქამდე შესაძლებელი იყო და ახლა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, მათ შორის, სერიოზული რისკის ქვეშაა ლარის გაცვლითი კურსი, რომლის შენარჩუნებაზეც ასეულობით მილიონი დოლარს ხარჯავს ეროვნული ბანკი.
როგორც ლილუაშვილი აცხადებს, მმართველი გუნდი ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ციფრებით, რომლიდანაც მიღებულ დოვლათს სრულად ინაწილებს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანების და ოჯახების ჯგუფი.
“ქართული ოცნება”, რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ზრდის ციფრებით, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ახვევს საზოგადოებას საკუთარ სიამაყეს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, არის ხელისუფლება, რომელმაც შეაჩერა, გაყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და სტრატეგიულ პარტნიორებთან დაამძიმა და დააზიანა ქვეყნის ურთიერთობები. ამას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი შედეგები, მათ შორის, ფინანსური. როცა ვლაპარაკობთ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ყველამ მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, დამოკიდებულია სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი ათეული წელია ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. ეს შეეხება საგრანტო დაფინანსებასაც, შეეხება ფაქტობრივად, დაბალ პროცენტიან დაფინანსებასაც, შეეხება საბიუჯეტო და არასამთავრობო სექტორიდან დახარჯულ ფინანსურ რესურსსაც. ამ ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა შესაძლებელი იყო აქამდე და ახლა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას, მათ შორის, ლარის გაცვლითი კურსი, რომლის შენარჩუნებაზეც ასეულობით მილიონი დოლარს ხარჯავს ეროვნული ბანკი. ისტორიულ მინიმუმზეა ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო, თუ საშინაო ფინანსური სტაბილურობის პრობლემები და რისკები ძალიან მაღალ დონეზე დგას. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ რეალურად იზრუნოს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, სწრაფად გახადოს ქვეყანა მოლაპარაკებების ნაწილი და შემდგომ უკვე ევროკავშირის ნაწილი, გამოდის და ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ციფრებით, რომლიდანაც მიღებულ დოვლათს სრულად ინაწილებს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანების და ოჯახების ჯგუფი. რეალურად, გვჭირდება ცვლილებები ყველა მიმართულებით, ეს შეეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებასაც და ეკონომიკასაც. ამიტომ ამ მძიმე მოცემულობის შესაცვლელად ჩვენ გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია არჩევნებზე და ამ ხელისუფლების ოპოზიციაში გაშვება,” – განაცხადა ლილუაშვილმა.