სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად სულელურ პროპაგანდას პირდაპირ დაუსვა წერტილი, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხისა და მუქარის შესახებ გზავნილები “სისულელე იყო”, რაც შესაბამისმა უწყებამ დაადასტურა.
“ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად სულელურ პროპაგანდას პირდაპირ დაუსვა წერტილი. როგორც ჩანს, კობახიძეს ახასიათებს არაადეკვატური აღქმა რაღაც მოვლენების მიმართ – ეს იყო ხაზგასმა, ამ განცხადებაში სხვა მე ვერაფერი დავინახე. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ თუ სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის მუქარად გამოტანილი ეს გზავნილები სისულელე იყო. ეს დადასტურდა როგორც მეორე მხარის, ასევე შესაბამისი უწყების მხრიდანაც”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ “გუშინ გაირკვა, რომ ეს ყოფილა სრული აჟიოტაჟი და მიზანმიმართული თუ სისულელით გამოწვეული აფერა”.
“არ ვიცი, ამის თქმა კერძო თუ მისი [ირაკლი კობახიძის] პერსონალური და ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიების არანაირი საფუძველი, სამართალდარღვევის და მუქარას არანაირი ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დადასტურდა ისიც, რომ კობახიძის შიშებსა და არაობიექტურ აღქმებზე ვართ დამოკიდებული დღეს. ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრემიერ-მინისტრია და ოფიციალურად საქართველოს სახელით საუბრობს. გახსოვთ, რა ამბავი მოჰყვა ამ აბსურდს, როგორი პროპაგანდა ჩაირთო კობახიძის განცხადების შემდეგ, რასაც შემდეგ მთელი სახელმწიფო აპარატი აჰყვა, მათ შორის “ქართული ოცნების” პარლამენტის წევრები და სხვები. გუშინ გაირკვა, რომ ეს ყოფილა ცრუ აჟიოტაჟი და მიზანმიმართული თუ სისულელით გამოწვეული აფიორა, რომელსაც საბოლოოდ წერტილი დაესვა”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში “არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს – არ არის სათანადო მტკიცებულებები”.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული “ტერორისტული თავდასხმაც” ახსენა. მოგვიანებით ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ვარჰეი წუხილი გამოთქვა, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.