ბექა ლილუაშვილი – როგორც ჩანს, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაში, აეროპორტებსა და სარკინიგზო სისტემაში, ასევე, ბუნებრივ რესურსებში დაგეგმილია ჩინური, აღმოსავლური და მათი გავლით რუსული ფულის შემოდინება

როგორც ჩანს, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაში, აეროპორტებსა და სარკინიგზო სისტემაში, ასევე ბუნებრივ რესურსებში დაგეგმილია ჩინური, აღმოსავლური და მათი გავლით რუსული ფულის შემოდინება სწორედ სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში, -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერის განცხადებას ეხმაურება რომ აბუ-დაბიში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას.
როგორც ლილუაშვილი აღნიშნავს, ოფიციალურ წყაროებში საემიროებიდან, საინვესტიციო შეთანხმება, მით უმეტეს ინვესტიციის მოცულობა, ნახსენები არ არის.
„არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კობახიძის „წარმატებულ“ ვიზიტს და მისივე „კაბალურ პროპაგანდის მარჟას“ მინდა ორი სიტყვით შევეხო:
პირველი: აშკარად დიდ ტყუილთან გვაქვს საქმე, კერძოდ, მაშინ, როდესაც კობახიძის „ადმინისტრაციამ“ ისე, როგორც თავად კობახიძემ გვამცნო საემიროებთან 6 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმებაზე, მაშინ, როდესაც ოფიციალურ წყაროებში საემიროებიდან (წყარო: https://www.mohamedbinzayed.ae/…/UAE-President-receives…) საინვესტიციო შეთანხმება, მით უმეტეს ინვესტიციის მოცულობა ნახსენები არ არის.
მეორე: არც თავად „იკაკოს“, არც მის „ადმინისტრაციას“ არ გაუჟღერებია პერიოდი, რომელშიც ეს ინვესტიცია განხორციელდება.
მესამე: საინვესტიციო გეგმაზე, სექტორებზე – არც ერთ შესაბამის სახელმწიფო უწყებას არ უმუშავია, შესაბამისად, ეს გეგმა სადღეგრძელოა, „ოცნება“ თუ გააზრებულ-დასაბუთებული შეთავაზება, კაცისშვილმა არ იცის.
ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 27 წლის განმავლობაში, საემიროებიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, იგივე ტემპით, 135 წლის შემდეგ 6 მილიარდის მიღება ნამდვილად შესაძლებელია. მომდევნო 4 წლიან პერსპექტივაში კი – ეს ტოტალური ტყუილია.
ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომ დასავლეთის ეკონომიკური იზოლაციის – აქედან შექმნილი პრობლემების დაბალანსება შესაძლებელია და მათ ამის გეგმა აქვთ. მაგრამ კობახიძეს ამჯერად ღიმილისმომგვრელად გაექცა „პროპაგანდის მარჟა“ ციფრებს თვითნებურად რომ ბერავს, აი ეგ „კოეფიციენტი“.
თუმცა, ღიმილთან ერთად ამ ვიზიტში ძალიან სახიფათო ნიშნები იკვეთება. ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმების და ახლა უკვე საემიროებთან საინვესტიციო შეთანხმების გაფორმებით, “განაცებული” „ოცნება“, შესაძლოა იმას გეგმავდეს, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია აკრიტიკებს – სტრატეგიული ობიექტები…
როგორც ჩანს, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაში, აეროპორტებსა და სარკინიგზო სისტემაში და ასევე ბუნებრივ რესურსებში დაგეგმილია ჩინური, აღმოსავლური და მათი გავლით რუსული ფულის შემოდინება სწორედ სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში.
ეს კი დასავლეთთან კონფრონტაციის პირობებში (ეს არის კრიტიკული წინაპირობა ამ შეფასებისთვის) – ქვეყნის რეგიონული ეკონომიკური ფუნქციის სრული დაქვეითების გარდა, სავალუტო და სავალო კრიზისის, გაუარესებული შრომის პირობებისა და სიღარიბის ზრდის გარდა არაფერს მოიტანს. ვისაც იმის განცდა აქვს, რომ აი ახლა დასაქმება გაიზრდება – აბა ნახეთ ჩინურ კომპანიებში, რამდენი ქართველი მუშაობს“, – წერს ლილუაშვილი.