როგორც ჩანს, კომუნისტური პარტიის გამოცდილება ჩვენი ისტორიული წარსულიდან კობახიძისთვის საკმარისი არ არის და რაღაც ახლის ძიებაშია ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში, – ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს.
როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი ჩინეთთან ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა.
„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გააფორმეს და ახალ ეტაპზე აიყვანეს ურთიერთობა, მე არ ვიცი, რაში მდგომარეობდა ამის საჭიროება. ჩვენ ჩინეთთან ფანტასტიური ეკონომიკური ურთოერთობები გვაქვს, ჩვენი, მათ შორის, გახარიას ხელმოწერილია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამის შემდეგ რა საჭირო იყო პარტნიორულ დონეზე ურთიერთობების აყვანა, მე არ ვიცი. როგორც ჩანს, კომუნისტური პარტიის გამოცდილება ჩვენი ისტორიული წარსულიდან კობახიძისთვის საკმარისი არ არის და რაღაც ახლის ძიებაშია ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში,”- განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, ლილუაშვილმა პარლამენტიდან განცხადებით მიმართა მედიის ნაწილის ხელმძღვანელებს, ასევე ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდა დებატებისთვის ტელევიზიების კარი გახსნას.
„მივმართავთ ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო ტელევიზიების („იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „საზოგადოებრივი მაუწყებელის“) ფორმალურ ხელმძღვანელებს, ფორმალურ მფლობელებს და რეალურ მეპატრონეს ბიძინა ივანიშვილს:
ბოლო რამდენიმე წელია, ივანიშვილმა სრული კონტროლი მოიპოვა ამ არხებზე და ისინი აქცია „ოცნების“ პოლიტიკურ იარაღად, რომელსაც ის იყენებს ხალხისთვის სიმართლის დასამალად.
ამ თვალსაზრისით, სატელევიზიო პროპაგანდამ მიაღწია „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პროპაგანდისტულ სიმაღლეებს.
„ოცნება“ დღეს „ნაცების“ მსგავსად მედიას იყენებს მოდელირებული რეალობის შექმნის, fake-ის გავრცელებისა და ხალხისათვის სიმართლის დასამალად.
სააკაშვილის მოგონილი მედია ბოიკოტის კოპირების გზით, შეშინებული კობახიძეები, მდინარაძეები, კალაძეები და სხვები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების ნაცვლად, სტუდიებში სხედან და კომფორტულად, საკუთარ თავს ელაპარაკებიან.
ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილს და „ოცნებას“ გახსნან სატელევიზიო არხების ეთერები დებატებისთვის.
გახსნან პირდაპირი ეთერები ყველასთვის! ვიმეორებ ყველასთვის და არა მხოლოდ სააკაშვილის თათბირების გასაშუქებლად, სასამართლო დარბაზიდან!”- აღნიშნა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, გახარიას გუნდი ელოდება ივანიშვილისგან, თავად როდის იტყვის ღიად თანხმობას ან უარს გახარიასთან დებატებზე.