სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ჩატარებაზე, რამდენიმე საათში ხელისუფლება როსტომ მეფის სასახლის ქვეგანყოფილებად გახდის და ცესკოს ტოტალურად დაიქვემდებარებს – ეს არის “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მიზანი! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, “პანიკური შიშებით მართული ხელისუფლება ნებისმიერ ფასად მზად არის იმისთვის, რომ ძალაუფლება გაიხანგრძლივოს.
“პარადოქსია, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პაკეტს ვენეციის კომისიაში შესაფასებლად აგზავნი და მერე შეფასებებს არ ითვალისწინებ.
პარადოქსია, როდესაც არგუმენტად ოპოზიციის კვოტით დანიშნული მოადგილესთან დაკავშირებით რაღაც საფრთხეები მოგყავს და აინიცირებ კანონის პროექტს, რომელიც მიმართულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრულად დაქვემდებარებისკენ.
მთავარი პარადოქსი არის ის, რომ შეუძლებელია და საღ აზრს ეწინააღმდეგება, ხელისუფლება ამბობდეს, რომ მას აქვს 60%-იანი მხარდაჭერა და მეორეს მხრივ, დგამდეს ნაბიჯებს, რომ ინსტიტუცია სრულად დაიქვემდებაროს და არჩევნების გაყალბებისკენ მიმართული ნაბიჯების მთავარ ინსტრუმენტად აქციოს.
ეს ქმედება ერთი წინადადებით შეიძლება შეფასდეს – პანიკური შიშებით მართული ხელისუფლება უკვე ნებისმიერ ფასად მზად არის იმისთვის, რომ ხელისუფლება და ძალაუფლება გაიხანგრძლივოს.
საქმე საქმეზე რომ მიდგა, არ ყოფნის პასუხიმგებლობა, რომ ღირსეულად დამარცხდეს და გადასულია მოქალაქეებისთვის არჩევანის წართმევის სტრატეგიაზე – ამისთვის აკეთებს ყველაფერს!“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.