ბექა ლილუაშვილი – „ოცნების“ პოლიტიკური რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა – როგორ შეიძლება, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა ამბობდეს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და მეორე მხრივ, ძრწოდეს იმის შიშით, რომ ცესკოზე კონტროლს ვერ მოიპოვებს

როგორ შეიძლება, პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, ამბობდეს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და მეორე მხრივ, ძრწოდეს იმის შიშით, რომ კონტროლს ვერ მოიპოვებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე – იცით, რატომ მიდის რისკზე? საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს და მისი პოლიტიკური რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს, ლილუაშვილი ამბობს, რომ „ეს არის დამფრთხალი ხელისუფლების ზრუნვა ძალაუფლების გახანგრძლივებაზე“.
„როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, ამბობდეს, რომ დღეს 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და მეორე მხრივ, ეშინოდეს, ძრწოდეს იმის შიშით, რომ კონტროლს ვერ მოიპოვებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე და ვერ მოახდენს მის სრულ დაქვემდებარებას – ეს ორი ერთმანეთთან როგორ შეიძლება იყოს თანხვედრაში. შეუძლებელია, ხელისუფლებას, რომელიც თვლის, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, სჭირდებოდეს ცესკო-ს ტოტალური დაქვემდებარება. თუ ის მყარად დგას თავის მხარდაჭერაში, აბსოლუტურად თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო სისტემას შექმნის მიზანმიმართულად, რათა არჩევნების ლეგიტიმაციას რაიმე კითხვის ნიშანი არ ჰქონდეს. მაგრამ ამ რისკზე, იცით, რატომ მიდის? – საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს და მისი პოლიტიკური რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება პარტიის – „საქართველოსთვის“ კონფერენციას, რომელიც დღეს იმართება, ლილუაშვილი ამბობს, რომ განიხილავენ როგორც საარჩევნო პროგრამას, ისე პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ცვლილება.
„გვაქვს პარტიული კონფერენცია, სადაც ორი ძირითადი მიმართულება იქნება წარდგენილი. პირველია საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილები, რაც მოიცავს სოციალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, კანონის უზენაესობის საკითხებს, ახალგაზრდულ პოლიტიკას, ქალთა გაძლიერების პოლიტიკას და ა.შ.
მეორე საკითხია პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ცვლილება და სხვა საკითხები, მათ შორის წინასაარჩევნო საკითხებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა გავიაროთ კონფერენციის ფორმატში. ამის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი კონფერენცია, სადაც საზოგადოებას ჩვენს გაძლიერებულ ახალ გუნდს წარვუდგენთ“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”