ბექა ლილუაშვილი – თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს თვითექსპრესიის დეფიციტი აქვთ და ამის კომპენსირებას ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ფსევდო გალაშქრებით ცდილობენ, ძალიან კარგად იციან, რომ ეს ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენას არ ახდენს

თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს თვითექსპრესიის დეფიციტი აქვთ და ამის კომპენსირებას ცდილობენ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ ფსევდო გალაშქრებით, ძალიან კარგად იციან, რომ ეს ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენას არ ახდენს , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. ამით მან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მისვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები შეაფასა.
რაც შეეხება, უშუალოდ ოპოზიციის მოსაზრებას, რომ გიორგი გახარიამ წინააღმდეგობის პლატფორმის შეთანხმება დაარღვია, ლილუაშვილი ფიქრობს, რომ კომისიაში გახარიას მისვლამდე ოპოზიციური პარტიები გამოდიოდნენ პლატფორმის წინააღმდეგ და სერიოზული კრიტიკის საგნად ხდიდნენ.
„ამ მოვლენასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასება მოვისმინეთ, განსაკუთრებით იყო ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მწვავე შეფასებები. ყველაზე მეტად საკვირველია იმ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც პლატფორმის მთავარ საკითხს სერიოზული კრიტიკის საგნად ხდიდნენ და პირდაპირი შტურმით გადადიოდნენ ამ პლატფორმის წინააღმდეგ. დღეს, რატომღაც ისტერიული შემოტევები დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს თვითშეზღუდვის, თვითექსპრესიის დეფიციტი აქვთ და ამის კომპენსირებას ცდილობს ჩვენი პოლიტიკურ გუნდის წინააღმდეგ ფსევდო გალაშქრებით, ძალიან კარგად იციან, რომ ეს ჩვენ პოლიტიკური დღის წესრიგზე გავლენას არ ახდენს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
წამყვანის რეპლიკაზე, სხვა პარტიები ფიქრობენ, რომ საგამოძიებო, კომისაში მისვლა ნიშნავს პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას, ლილუაშვილი პასუხობს, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი პროცესის შემადგენელი ნაწილია და არა ბუღალტრული საკითხი.
„ჩვენი ოპონენტები ხომ ამბობენ პარლამენტი არალეგიტიმურიაო, მათ მიერ მიღებული კანონიც არალეგიტიმურია, მაშინ, რატომ დადიან მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოებში ამ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დამტკიცებულ უვადო მოსამართლეებთან სასაუბროდ?
სინამდვილეში, მისვლა- არმისვლა კი არ არის ლეგიტიმაციის წყარო. პარლამენტის მანდატები რომ არ დაიტოვეს, ამიტომ უფრო არალეგიტიმური გახადეს პარლამენტი? ან -ს სიების ჩახსნით უფრო მიეხმარებოდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხს? ზოგადად, პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი, ზოგადად პროცესის შემადგენელი ნაწილია და არა ბუღალტრული საკითხი.
არ ვაღიარებთ პარლამენტს, ამიტომაც არ ვართ პარლამენტის წევრები და არ ვიღებთ შესაბამის ბენეფიტებს. არ მივდივართ პარლამენტში, არ ვესწრებით სხდომებს, არ ვიღებთ შესაბამის ბენეფიტებს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.