ერთადერთი, რაც გომელაურმა გააკეთა არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დალეწა – საკუთარ პოლიციელებს აცემინა, ჟურნალისტებზე თავდასხმა მოაწყო, შექმნა ფენომენი „ხარება“. შექმნა მოძალადე პოლიცია, პოლიციის რეპუტაცია დაანგრია და მთელი რესურსი მიმართა იქითკენ, რომ ეს სისტემა ძალადობრივი ყოფილიყო,- ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ვახტანგ გომელაურის შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც ასოცირებული იყვნენ პარტია „ქართული ოცნების“ ღრმა წარსულთან, 2012 წლის შემდეგ გარკვეულ გუნდთან, ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ პოლიტიკას და ხშირად მეორდება ის მიზეზები, რომლებსაც ფორმალურად ასახელებენ“.
„ჩვენ გომელაურის გადადგომას არა ზედაპირულად, არამედ უნდა შევხედოთ ისე, თუ რას ტოვებს გომელაური შსს-ში და რას უტოვებს სახელმწიფოს. ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ გომელაურმა „ბევრი რამ გააკეთაო სისტემის რეფორმირებისთვისო“ – სინამდვილეში კი ბოლო 3-4 წლის განმავლობაში კრიმინალის დონე გაზრდილია, დღე არ გადის საქართველოს სხვადასხვა კუთხესა თუ რეგიონში უმძიმესი დანაშაულის შესახებ არ გავიგოთ. დღე არ გადის, რომ ქვეყანაში არსებული ნარკომანიის პრობლემა არ ვიგრძნოთ, რომელიც ახალგაზრდობასა და გენოფონდს ანადგურებს. დღე არ გადის, რომ ადამიანებზე ძალადობის ფაქტი არ გავიგოთ, მათ შორის მომიტინგეებზე. აღარ ვსაუბრობ იმ უზარმაზარ ძალადობაზე, რომელიც გომელაურის თაოსნობით, ამ სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწყო. მსგავსი გადაწყვეტილებები ადრეც გვინახავს, ამიტომ არ უნდა გავყვეთ იმ პროპაგანდის ხაზებს, რომლის გაკეთებას კობახიძე თავის 3-წამიან გამოსვლაში ცდილობდა. მინისტრების ცვლილებასაც კი თავისი და პარტიის პროპაგანდის გავრცელებისთვის იყენებს. ერთადერთი, რაც გომელაურმა გააკეთა არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დალეწა – საკუთარ პოლიციელებს აცემინა, ჟურნალისტებზე თავდასხმა მოაწყო, შექმნა ფენომენი „ხარება“. შექმნა მოძალადე პოლიცია, პოლიციის რეპუტაცია დაანგრია და მთელი რესურსი მიმართა იქითკენ, რომ ეს სისტემა ძალადობრივი ყოფილიყო. დღეს კი ეს ადამიანი სანქცირებულია და უმძიმეს სანქცირებულთა სიაშია, ამიტომ არ მაინტერესებს თავისი ნებით წავიდა თუ პარტიის საპარტიო თავმჯდომარემ გაუშვა სამსახურიდან. ფაქტია, რომ ეს ადამიანი ისე მიდის სახლში, რომ საქართველოს მოქალაქეებს წარმოდგენა არ გვაქვს, რამხელა კორუფციული ფული შეიძლება ჰქონდეს სახლში“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ბექა ლილუაშვილის თქმითვე, „ბიძინა ივანიშვილი ადვილად ელევა ისეთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ასოცირდებიან ძალადობასთან და მისი ინტერესების არასათანადო დაცვასთან“.
„ივანიშვილი ელევა ისეთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ასოცირდებიან ძალადობასთან, მისი პერსონალური ინტერესების არასათანადო დაცვასთან, ამ შემთხვევაში ლილუაშვილზე ვსაუბრობ, ეს გადაწყვეტილება ბაჩიაშვილთან ივანიშვილის ფინანსურ დავასა და მის ქვეყნიდან გასვლის საკითხს უკავშირდება. გომელაურის შემთხვევაში ეს შესაძლოა მისი რეპუტაციული ზიანიდან გამომდინარე იყოს. ასე არ არის, რომ ივანიშვილი დაჯდეს და ერთი მიზნიდან გამომდინარე ეს ნაბიჯები გადადგას. ვერანაირად ვერ დაკარგავს ივანიშვილი პოზიციებს, როდესაც თავად პარტიის საპატიო თავმჯდომარეა და მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია მის ხელში, მათ შორის პარტიული დოკუმენტაციის ცვლილებით, მის ხელშია პრემიერ-მინისტრის დანიშვნისა და წარდგენის საკითხი. კობახიძე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით დანიშნავს ახალ მინისტრებს, რომელიც ივანიშვილის ახლო წრესთან ასოცირდებიან?“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ასევე პოლიტიკოსმა შს მინისტრად გელა გელაძის დანიშვნაც შეაფასა. მისი თქმით, მსგავს თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციის გარეშე არავინ დაინიშნება.
„შესაძლოა, ეს ადამიანი იმიტომ დაინიშნა, რომ გამოცდილება აქვს, ან ვიღაცის ახლობელია და ვიღაცამ რეკომენდაცია გაუწია, ვიღაც – ამ შემთხვევაში ივანიშვილია. ეს ის თანამდებობაა, რომელზეც ივანიშვილის გარეშე შეუძლებელია ვინმე დაინიშნოს. ეს ადამიანი სისტემას ვერანაირად ვერ გააუმჯობესებს, რადგან ქვეყანაში არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც საპოლიციო ძალაზე დგას. სისტემის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება ის თუ შსს გამოავლენს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და კანონის აღსრულების ნება ექნება. დღეს თვალმოხუჭულ პოლიციას ვხედავთ, ვერდიქტის საფუძველზე რეაგირებს, სელექციურად და შერჩევითად ხდება კანონის აღსრულება, ვისზეც სურს ავრცელებენ ამ კანონის უზენაესობას, ამ პოლიციელს როგორ გააჯანსაღებ, როდესაც მათ აძალებენ, რომ ცრუ ჩვენება მისცენ პოლიტიკური პატიმრების წინააღმდეგ, როგორ შეიძლება გაჯანსაღდეს სიტუაცია, რომელიც მომართული გყავს არაჯანსაღი საქმიანობის კეთებისკენ?“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ წერილსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არანაირი დრამის საფუძველი არ არსებობს.
„სად არის ეს წერილი, გვაჩვენონ!
ის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან საუბარი გაგრძელდება, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, ტრამპი ასევე ესაუბრება ტერორისტად შერაცხილ პუტინსაც, რომელიც მილიონობით ადამიანს ხოცავს, მის მიერ წამოწყებულ ომის პირობებში. ამიტომ, მე აქ დრამის საფუძველს ვერ ვხედავ. ტრამპის წერილი ერთი-ერთში ემთხვევა „MEGOBARI აქტის“ იმ ნაწილს, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პირობებში შესაძლო სარგებლის მიღებას გულისხმობს. ამიტომ, როდესაც ტრამპი გამოდის და აცხადებს, რომ ის საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ელოდება, ამას წინაპირობები გააჩნია. მესმის „ქართული ოცნების“ განზრახვები, ჯერ იყო კილომეტრნახევრიდან ყაველაშვილისთვის ხელის დაქნევა, ახლა კი უკვე პრემიერ-მინისტრს კი არა, წერილით პრეზიდენტს მიმართაო. ეს პროპაგანდაა, რომლის მიზანი ლეგიტიმაციის პრობლემის კომპენსირების მოხდენაა. ამ ქვეყანაში კი ლეგიტიმაციის მთავარი წყარო ხალხია. დღეს „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიგნითაც ლეგიტიმაციის ნაკლებობას განიცდის. ტრამპს კომუნიკაციის თავისებურებები აქვს, ტრამპი ესაუბრება პუტინსაც მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ ახსენებს იმ დიქტატურას, რომელიც რუსეთში პუტინის მიერ ჩამოყალიბდა, ან იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომელიც იქაურ პოლიტიკურ რეჟიმს შეეწირა“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
