გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?! – ეს მმართველი პარტიის პოზიციებს ძლიერად ვერ წარმოაჩენს, რადგან მცირდება სტანდარტი და ლეგიტიმაცია! – აღნიშნული განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.
როგორც ლილუაშვილმა განმარტა, 2014 წელს, საკრებულოს მაჟორიტარების არჩევის 40%-იანი საარჩევნო ბარიერი იმ მოტივით დაწესდა, რომ დეცენტრალიზაციის გათვალისწინებით თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელებსა და საკრებულოების მაჟორიტარებს მეტი ლეგიტიმაცია ჰქონოდათ.
„რატომ გახდა 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმება საჭირო?! მაშინ როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წელიწადნახევარშია, რატომ არ უნდა მოხდეს საკითხის ინიცირება ახალ პარლამენტში?“ – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
პარლამენტში ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი უქმდება და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. შესაბამისად, პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.