ბექა ლილუაშვილი – ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა და აშშ-თან ურთიერთობა შეაჩერა, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი გაყინა – ურთიერთობის გადახედვაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

პირველად, საქართველოს ისტორიაში, „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა და -თან ურთიერთობა შეაჩერა თავისი ნაბიჯებით, ხოლო ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის პროცესი გაყინა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დეპუტატის შეფასებით, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ „აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის პროცესი მიმდინარეობს, სრულად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება”.
„სამწუხაროდ, იმ ნაბიჯებს, რაც “ქართულმა ოცნებამ” გადადგა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით, მოჰყვა ძალიან მკაფიო პოზიცია აშშ-სგან. ეს გაჟღერდა, მათ შორის, ელჩის განცხადებაშიც, რომ დიახ, იმ ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისა და რიტორიკის გამო, რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის აშშ-ს, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, მათი მხრიდან [აშშ], ურთიერთობის გადახედვის პროცესი მიმდინარეობს.
სრული პასუხისმგებლობა ამ პროცესზე, “ქართული ოცნების” მხარეს არის. მათ შორის, იმაზე, რომ შესაძლოა, ჩვენ დავკარგოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა: ფინანსური, ტექნიკური. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ და გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს გრძელვადიან ურთიერთობებს ჩვენთან სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ნაწილში, რაშიც ბოლო სამი ათწლეულია პარტნიორი გვეხმარება. უნდა გაიაზრონ ეს პასუხისმგებლობა.
ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გვყავს, არა ირაკლი კობახიძის ძმაკაცი ან სამეგობრო წრე, ან ს სანაცნობო ოლიგარქატი, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის და ხალხის პარტნიორებს.
ხელისუფლებები იცვლებიან. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამ ქვეყანაში მილიონი ადამიანი შეიცვალა, ისევე, როგორც პარტიები. მაგრამ ამერიკელების და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა იყო ყოველთვის შეუქცევადი. პირველად, საქართველოს ისტორიაში, “ქართულმა ოცნებამ” იკადრა და აშშ-თან ურთიერთობა შეაჩერა თავისი ნაბიჯებით, ხოლო ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის პროცესი გაყინა. ეს ჩემი შეფასება არაა, არამედ, ერთი მხრივ, შტატების, მეორე მხრივ – ევროკავშირის”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, აშშ-ის გადაწყვეტილება დასანანია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. „სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რეგისტრირებული 30 000-ზე მეტი NGO-დან 25 000-მდე უმოქმედოა, აქედან უცხოურ დაფინანსებას 600-მდე იღებს და მხოლოდ 136-სთვის აღმოჩნდა გამჭვირვალობა მიუღებელი – 75%-ზე მეტისთვის კანონი პრობლემას არ წარმოადგენს