ის, რაც წერილში წერია, „ქართული ოცნების“ დაქირავებული ლობისტებისა და ბევრი სხვა შიკრიკის მხრიდან, ბევრჯერ იქნებოდა გაჟღერებული ბევრად უფრო რბილ და თავმოხრილ თუ თავმოტეხილ, მხრებშიმოჩეჩილი პოზიციიდან, მაგრამ ახლა ეს წერილი შედგენილია ქართული საზოგადოებისთვის. საცოდავად, ერთ ტონში ამღერებული მთელი „ქართული ოცნება“ ეხვეწება ტრამპსა და მის ახალ ადმინისტრაციას, იქნებ როგორმე დაგველაპარაკოთო, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის ღია წერილის ადრესატი, სინამდვილეში არა ტრამპი ან ჯეი დი ვენსი, არამედ საქართველოს მოქალაქეები არიან.
„მინდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მივმართო, სად არის აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ივანიშვილი რომ გვეუბნებოდა, არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ შეხვდებოდა და ამ ურთიერთობებს გადატვირთავდა? სად არის ის 20 იანვარი, მთელი „ქართული ოცნება? რომ ამშვიდებდა და აწყნარებდა ხალხს, 20 იანვრის შემდეგ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღიდან, ფაქტობრივად მოხდებოდა საქართველოს საკითხის გადახედვა და პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა? სად არის ეს დაპირებები? ეს მოლოდინები, რომელიც საზოგადოებას შეუქმნეს? – არსადაც არ არის. გუშინ, საცოდავად, ერთ ტონში ამღერებული მთელი „ქართული ოცნება“ ეხვეწებოდა ტრამპსა და მის ახალ ადმინისტრაციას, რომ იქნებ როგორმე დაგველაპარაკოთო. ამ წერილის სტრიქონებს მიღმა, ძალიან კარგად ჩანდა რეალურად ამ წერილის რეალური ავტორი, ივანიშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ მას უნდა ესაუბრონ და ის არის ამ ყველაფრის გადამტვირთველი, მაშინ, როცა არ დაუკლია არც ლობისტური საქმიანობები და არც შიკრიკების გზავნები.
რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხს [საქართველოს პარლამენტის სპეციალურ განცხადებას „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ], რას ვნახავთ ჩვენ? არაფერი განსაკუთრებული მოლოდინი ამ ტექსტის მიმართ არ უნდა იყოს, ეს იქნება პოლიტიკური განცხადება პარლამენტის მხრიდან მიღებული და ამ განცხადებას ექნება ჩალის ფასი. ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც არის გადამგდები, რომელმაც არაერთგზის გადააგდო ქართველი ხალხი, საერთაშორისო პარტნიორები და საბოლოოდ, მოიპარა ქვეყნის არჩევნები და ხალხს მოჰპარა საკუთარი პოლიტიკური ნების განხორციელების მთავარი მექანიზმი, მათთან არავინ ძველ ჩარჩოში ურთიერთობებს არ დააბრუნებს. შეიძლება არსებობდეს კომუნიკაცია, ეს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც გაჟღერდა, რომ ვესაუბრებით მათო, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო -აშშ-ს შორის ურთიერთობები ჩვეულ ნორმას დაუბრუნდესო და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს ქართველ ხალხს, მეტი მხარდაჭერა გამოხატოს ამერიკელმა ხალხმა ქართველი ხალხის მიმართო, რაც ასახულია „MEGOBAR აქტში“. ამისთვის რა არის საჭირო, ამაზე ესაუბრებიან და არა მხოლოდ აშშ, ამაზე ესაუბრება მათ ბრიუსელიც, საუბარი აქვთ სხვადასხვა პლატფორმაზეც. ეს არის მოჩვენებითი პრინციპულობა. ტაქტიკურ, პიარული და სტრატეგიული კომუნიკაციების კონტექსტში რომ შევხედოთ ამ წერილს, ბუნებრივია, წერილს უნდა ჰქონოდა გარკვეული პრინციპულობის ელფერი. ჩვენ ხომ ვთანხმდებით იმაში, რომ ამ წერილის ადრესატი, სინამდვილეში არა ტრამპი ან ჯეი დი ვენსი, არამედ საქართველოს მოქალაქეები არიან.
ეს რაც წერილში წერია, „ქართული ოცნების“ დაქირავებული ლობისტებისა და ბევრი სხვა შიკრიკის მხრიდან, ბევრჯერ იქნებოდა გაჟღერებული ბევრად უფრო რბილ და თავმოხრილ თუ თავმოტეხილ, მხრებშიმოჩეჩილი პოზიციიდან, მაგრამ ეს წერილი, რა თქმა უნდა, შედგენილია ქართული საზოგადოებისთვის. ცდილობენ, შეაგუონ, რომ აშშ-ში ვერ ხერხდება ამათი გამოგონილი „დიფ სთეითის“ დამარცხება და „ქართული ოცნების“ ბრალეულობა, დაპირებების ვერ შესრულება, ის, რომ ვერაფერიც ვერ გადაიტვირთა, ამაზე პასუხისმგებლობა „ოცნებამ“ კი არ უნდა აიღოს, არამედ სხვას გადააბრალოს. ეს არის ჩვეულებრივი სტრატეგიული კომუნიკაციების ტაქტიკა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ „თავმოყვარე სახელმწიფოს“ ქმნის, ლილუაშვილის თქმით, „თავმოყვარე სახელმწიფოს ვერ შექმნიან უთავმოყვარეო ადამიანები“.
„თავმოყვარე სახელმწიფოს ვერ შექმნიან უთავმოყვარეო ადამიანები. ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპი, არანაირი ფასეულობა, რომლებიც ყველა ხელისუფლების მონები და “ჩმორები” იყვნენ, ვერ შექმნიან ღირსეულ სახელმწიფოს და თავმოყვარე სახელმწიფოს. აბა, წინა გაგზავნილი წერილებიც გამოაქვეყნონ, იქ ვნახავთ როგორი ტონით იქნება საუბარი, ან გამოაქვეყნონ ლობისტების სასაუბროები, რომლითაც აგზავნიან ამ ლობისტებს აშშ-ში. იქ ვნახავთ როგორი „თავმოყვარეები“ არიან და როგორი გზავნილები ჩაჰქონდათ აშშ-ში აქედან. მაშინ გამოჩნდება, როგორი „თავმოყვარე პოზიციებიდან“ ესაუბრებიან. ფაქტობრივად იმის გამო, რომ მიეთვისებინათ აქ ძალაუფლება, ხელში ჩაეგდოთ უკანონოდ ეს გავლენის ბერკეტები, უბრალოდ გადაგვკიდა დასავლეთი, აშშ, საკუთარი პარტიული და პერსონალური ინტერესების დაცვის პროცესში. გუშინ კიდევ ახალი კონტექსტი დაამატეს ამას, თურმე ჩინეთთან ურთიერთობები ყოფილა ამ მრისხანებისა თუ ამ დამოკიდებულების საფუძველი. უსახური ხალხი საუბრობს აბსოლუტურად მისთვის გაუგებარ საკითხებზე და ცდილობს ახალი პროპაგანდის ხაზები შემოიტანონ. ეს არის სამარცხვინო!“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
