ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაცია არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო დოკუმენტზე, მსჯელობენ მომავალი უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები ისევ ელექტრონული წესით

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ადასტურებს, რომ არსებობს კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის, სადაც გახარიას პარტიაც მონაწილეობს და მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო დოკუმენტზე, მსჯელობენ იმაზე, მომავალი უნდა ჩატარდეს ისევ ელექტრონული წესით თუ არა.
ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მიუხედავად პროცესში მონაწილეობისა, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ სხვა პრიორიტეტი აქვს და მისთვის უფრო მნიშვნელოვანია დადგეს ახალი არჩევნების მოცემულობა.
„კოორდინაცია ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის ევროპულ მომავალზე ყოველთვის გვქონდა და ახლაც გვაქვს. მათ შორის საქმის კურსში ვართ, რა სამუშაოები მიმდინარეობს და ჩვენი გარკვეული კონტრიბუცია იქ არის. არამხოლოდ საარჩევნო დოკუმენტზე, არამედ სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს კომუნიკაცია, მათ შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ვინ რამდენი პარაგრაფი დაწერა ამ დოკუმენტში ამაზე თუ არ დავალთ, უკეთესად ვერაფერს გეტყვით.
ჩვენ შეიძლება რაღაც პრიორიტეტებს ცოტა სხვანაირად ვხედავდეთ. მაგალითად ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ პირველ რიგში ეს მოცემულობა დადგეს, ვგულისხმობ ხელახალ არჩევნებს. ჩვენ მთელი ჩვენი ძალისხმევა არა ამ დოკუმენტის შეკვრისკენ გვაქვს მიმართული, არამედ პირველ რიგში ამ მოცემულობის დაყენებისკენ, რასაც ჰქვია ხელახალი არჩევნები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ბექა ლილუაშვილმა სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინციდენტამდე ხდებოდა გიორგი გახარიას გადაადგილების კონტროლი და ძალადობის სივრცის მომზადება.
მისივე თქმით, თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობდა მათ შორის სასტუმროს მენეჯმენტიც.
„ხდებოდა გიორგი გახარიას გადაადგილების კონტროლი, შინა სივრცის მომზადება ამ თავდასხმისთვის. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან გამომდინარე ეს სურათი იკვეთება. ჩვენს მიერ მოპოვებული სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით ასეთი სურათ იკვეთება, რომ თავდასხმას ჰქონდა წინარე პერიოდი. მათ შორის ზვიად ქორიძეზე თავდასხმა იყო ამოცანის ერთ-ერთ ნაწილი.
არ მოხდა არცერთი სასტუმროს თანამშრომლის მიერ პოლიციის გამოძახება, რომლის შენობაც სასტუმროდან 500-600 მეტრში მდებარეობს. ანა ბუჩუკურის ზარი დაფიქსირდა პირველი გიორგი გახარიას თავდასხმის შემდეგ საპოლიციო განყოფილებაში. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა იყო ზეწოლის ქვეშ, მათ ყველაფერი გააკეთეს იმ აღქმის ჩამოსაყალიბებლად, რომ ისინი რეალურად მონაწილეობდნენ ამ პროცესში“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.