ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე:
განათლების რეფორმაზე ბევრი ითქვა და დაიწერა.
შევეცდები დავამატო, რაც ჯერჯერობით არ თქმულა ან მე არ შემხვედრია:
1. თერთმეტ კლასზე რომ უნდა გადავიდეს სკოლა და ამის გამო ჩვენი სტუდენტები ევროპაში ვეღარ წავლენ სასწავლებლად, რადგან ბოლონიის პროცესთან თავსებადი აღარ ვიქნებით, ხომ არ გახსენდებათ სად არის 11 კლასიანი განათლება და ვისთან ვხდებით თავსებადები? გორელი მასწავლებლების კვალდაკვალ, სად წავლენ ჩვენი სტუდენტები?
2. “ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი” უმიზნებს სამ მთავარ მიმართულებას: სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები და სამედიცინო.
არ არსებობს ავტორიტარული ქვეყანა სოციალური და ჰუმანიტარული დარგების სრული კონტროლის გარეშე, რადგან ეს დარგები ქმნიან იდეოლოგიას, კოლექტიურ მეხსიერებას და პროპაგანდასაც. რეჟიმს მენდელეევის ტაბულა არ აინტერესებს, რეჟიმს აინტერესებს “უსამშობლოების” გამოვლენა;
რაც შეეხება სამედიცინოს: 2009 წლის შემდეგ სწავლის გადასახადი არ გაზრდილა ქვეყანაში, არადა ფასები ოთხჯერ და ხუთჯერ გაიზარდა. უნივერსიტეტები მატერიალური დისბალანსის შევსებას უცხოელი სტუდენტების მოზიდვით ცდილობდნენ. აი ეს წყარო უნდა გადაეკეტოთ რომ მოკვდნენ;
3. უნივერსიტეტები ბევრად უფრო მასობრივი დაწესებულებებია, ვიდრე ყველა NGO და პარტია ერთად აღებული. მარტო ილიაუნიში 17000 სტუდენტი სწავლობს, 8000 საქართველოს უნივერსიტეტში და ა.შ. ამ რაოდენობას მათი ოჯახის წევრებს თუ მივათვლით, ასიათასებზე ავდივართ. ამიტომ, კობახიძის (იმ კობახიძის) დაპირებაა, რომ მათ დისკომფორტს არ შეუქმნის, მშვიდად მისცემს სწავლის დასრულების საშუალებას, რათა ამ დიდი მასის ბრაზი აირიდოს;
4. “დაყავი და იბატონე”: გადმოვარდა ზოგადი დაპირება, რომ სრულ პროფესორს 10000 ლარი უნდა ქონდეს ხელფასიო. ვისაც ამ კატეგორიაში მოხვედრის იმედი აქვს, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მამაძაღლობა ბოლომდე მიიყვანონ. შესაბამისად, ამ ნაბიჯით პროფესორთა სოლიდარობის მოსპობას ცდილობენ;
ძალიან მოკლედ და რბილად რომ ვთქვათ გარდუვალი შედეგები:
1. უნივერსიტეტებიდან კრიტიკულად მოაზროვნე, ესე იგი საუკეთესო კადრების გაყრა და პარტიულად ერთგული კადრების დატოვება. ეს ნიშნავს საქართველოს მომავლის გაწირვას სიბნელისთვის. წინასწარ მეცინება, რომ “ისტორიკოსმა” კალაძემ, რომელიც განათლების რეფორმის კომისიაში ყოფილა, მე უნდა გამიშვას უნივერსიტეტიდან;
2. “რეგიონებში უნივერსიტეტების გაძლიერება” თითქოს კარგად ჟღერს, ხო? და სად არის მაგის ინტელექტუალური რესურსი? თბილისში გვიჭირს პროფესიონალი კადრები, რაის წნორის დიპლომატიური აკადემია?!
3. ბოლონიის პროცესიდან ჩახსნა და თავსებადობის შექმნა რუსეთთან რომ რუსეთისგან მიღებული ინსტრუქცია არ არის, ამას ვერავინ დამაჯერებს. რუსებს სჭირდებათ, მაგრამ არ ყავთ ინტელექტუალური ელიტა საქართველოში. ქართველი რუსეთუმე არის დუნდუკი და საქმისთვის გამოუსადეგარი. ეს არის გამოსასწორებელი;
4. ბოლონიის პროცესიდან ჩახსნა, რასაც უეჭველად გამოიწვევს ეს “რეფორმა”, არ ნიშნავს მხოლოდ იმას რომ ქართველი სტუდენტი ევროპაში ვერ წავა სასწავლებლად, მისთვის დაიხურება უამრავი პროგრამა და ა.შ., ეს ასევე ნიშნავს, რომ ათიათასობით უცხოელი სტუდენტი ვერ ჩამოვა საქართველოში. ეს კი თავისმხრივ გამოიწვევს უნივერსიტეტების გაღარიბებას. ათასობით ქართველი რომ ბინას აქირავებს ამ უცხოელებს და სამშიერო ლუკმას შოულობს, კვებისა და ტურისტული ობიექტები რომ შემოსავალს იღებენ, ეს შემოსავალი შეწყდება;
5. გეპეი ხომ იცით რა არის? პოსტსაბჭოთა გეპეი. აი ეგ რომ უნდა იყოს საქართველოს უნივერსიტეტის ნაცვლად და თქვენი შვილი მანდ რომ უნდა წავიდეს, აი ეგ არის კრებსითი შედეგი ამ რეფორმისა;
6. გეპეიზე გამახსენდა, მანდ იურიდიულიც აქვთ, ისტორიაც, საერთაშორისო ურთიერთობებიც და კიდევ ბევრი რამ, აი ეგ გეპეელები რას აპირებენ “ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი” პოლიტიკის პირობებში?
და ბოლოს, რასაკვირველია, ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი:
დიქტატურების ანა-ბანაა, რომ შემოსავლის წყარო უნდა იყოს კონტროლირებადი. თუ რეჟიმისგან დამოუკიდებლად შოულობ ფულს, არჩენ ოჯახს და დღის ბოლოს აკრიტიკებ, რანაირი დიქტატურაა? ამიტომ, შემოსავლის დამოუკიდებელი წყაროები უნდა დაიკეტოს.
ვინ არის აუცილებლად გასანადგურებელი: ენჯეო სექტორი, კრიტიკული მედია და უნივერსიტეტები. რატომ ესენი? იმიტომ რომ აქ ორგანიზებულად არიან თავმოყრილნი მოაზროვნე ადამიანები.
ენჯეოს და მედიების მოსაკლავი კანონმდებლობა უკვე მიღებულია. მათ ფორმალურ გაქრობას წინ აღარაფერი უდგას.
ბოლო, ყველაზე მძიმედ მოსანელებელი ლუკმა თავისუფალი უნივერსიტეტებია. ყველა არჩევნების მოლევისა და “სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობის” ტალღაზე ამ მძიმე საქმესაც მოკიდეს ხელი.
დიდი ბრძოლა იქნება და კაცმა არ იცის როგორ დამთავრდება.
ბოლო მიზანია აქ ველი სრულად მოსუფთავდეს და გაკეთდეს ცენტრალური აზია. სულ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის ქვეყნიდან გაყრა ან დამორჩილება (ლუკაძაძამიები) სჭირდებათ. ეს რამდენიმე ასეული ათასია სხვაობა საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის.
ადამიანები მძიმე არჩევანის წინაშე დადგებიან: როცა შვილთან საჭმელი ვერ მიგაქვს, როცა იავარყვნეს განათლების სისტემა, რა უნდა ქნა იმისთვის რათა არც თავი გაწირო არც შვილი? მუხლი მოიდრიკო და მოინანიო, ან წახვიდე ემიგრაციაში. ეს უნდათ და არც მალავენ (იხ. ზაზა შათირიშვილი).
რაც შემეხება პირადად მე: თუ აქამდე მივიდა საქმე, კერძო სკოლაში ვიმუშავებ (ესეც თუ დატოვეს), ბავშვებს მოვამზადებ, ძველ თბილისში ტურებს ჩავატარებ და ბოლტის ტაქსზე დავჯდები, მაგრამ ჩემი ქვეყნიდან არ წავალ, არავის დავუტოვებ. დაველოდები უკრაინის გამარჯვებას და მას მოყოლებულ “ევრაზიულ გაზაფხულს”, რომელიც რამდენიმე წელიწადში დადგება. არც არაფერს დავივიწყებ და არც არავის ვაპატიებ.
ჩემზე ბევრად უკეთეს ხალხს ბევრად უარესი ბედი არგუნა ისტორიამ. მათ არ შეშლიათ საქციელი და რადგან ისინი მომწონს ისტორიაში, ახლა ისტორიამ მე არამხოლოდ ისტორიკოსობა, არამედ ამ ისტორიაში რიგითი აქტორობაც დამაკისრა. არც მე არ უნდა შემეშალოს. ასე ვუყურებ. ყველამ ასე უნდა შევხედოთ. “ცხრა აპრილს მეც იქ ვიდექი” კი არ უნდა შეთხზა წლების მერე, როცა დგომა და გამბედაობაა მაშინ უნდა იდგე. ციფრულ ეპოქაში ვერავინ ვერაფერს დამალავს და ყველა ცნობილი იქნება ვინ სად იდგა. წლები გავა და შევეცადოთ რომ არ შეგვრცხვეს შვილების, შვილიშვილების, შვილთაშვილების.