ბექა კობახიძე: მთავარია გჯეროდეთ იმის რასაც აკეთებთ და ამ რწმენაში არ შედრკეთ, პირველ რიგში, არ უღალატოთ საკუთარ თავს

“მრავალგზის ნათქვამი სამი ფაქტის გადამეორება:
1. 1870-იან წლებში ილია და თერგდალეულები ივერიას, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და საადგილმამულო ბანკს რომ აკეთებდნენ, ისინი გარიყული ტიპები იყვნენ იმდროინდელ ტფილისში პრივილეგირებულები, გავლენიანები, მდიდრები იყვნენ გაგრძელებული ქართველი თავადები, რომლებიც ქაშუეთში, მამა დავითის ეკლესიის შიგნით და სვეტიცხოველში დასაფლავდნენ, მაგრამ რომელთა სახელებს თქვენ ვერ ცნობთ. ასევე, ქალაქის ცხოვრება მიყავდათ რუს ოფიცრებს და სომეხ ვაჭარ-მრეწველებს. თერგდალეულები თავიანთი გავლენით ამათ კოჭებამდე ვერ მიწვდებოდნენ;
2. 1914 წელს რამდენიმე ქართველი (გიორგი მაჩაბელი, მიხაკო წერეთელი, პეტრე სურგულაძე, ძმები კერესელიძეები) წავიდა გერმანიაში და გადაწყვიტა გერმანიის დახმარებით საქართველოსთვის დამოუკიდებლობა მოეტანა. მათ მხარს თითქმის არავინ უჭერდა. ოცჯერ მეტი მოწინააღმდეგე ყავდათ საქართველოში, ვიდრე მომხრე.
მათ ეს ამბავი ეკიდათ, სჯეროდათ იმის, რასაც აკეთებდნენ. აკეთეს თავზეხელაღებული სიგიჟეები და 1918 წელს მათი მეცადინეობით გერმანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა ფეხზე დააყენა;
3. გურამ დოჩანაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იგონებდა, 1950-იან წლებში, როდესაც სკოლის მოსწავლეები პირველ პროკლამაციებს ვაკრავდით თბილისში, რას ვიფიქრებდი, რომ ლენინის ქუჩას ჩემი თანაკლასელი მერაბ კოსტავას სახელი ეწოდებოდა, განა ეს სასწაული არ არის-ო?!
მეგობრებო, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხალხი ჩვენზე ბევრად ცოტანი და მარტოები იყვნენ, ჩვენზე უარეს მსოფლიოში ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ სჯეროდათ იმის, რასაც აკეთებდნენ. მათ გაიმარჯვეს, მათმა ისტორიამ გაიმარჯვა და ჩვენ მათ ვსწავლობთ არა როგორც იზოლირებულ მარგინალურ ჯგუფებად, არამედ საქართველოს ისტორიის შემქმნელებად.
ნუ ჩამოყრით ყურებს, ისტორიას მარიამლაშხები ვერ დაწერენ. ეს ვერ მოხდება. მთავარია გჯეროდეთ იმის რასაც აკეთებთ და ამ რწმენაში არ შედრკეთ, პირველ რიგში, არ უღალატოთ საკუთარ თავს”, – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა .