ბექა კობახიძე: ვისაც გგონიათ, რომ ქოცები მოქალაქეთა კავშირივით აორთქლდებიან, მგონი ცდებით

“ტექნიკურ მთავრობაზე და ქართულ ქარტიაზე ცოტა ვრცლად:
ქართული ქარტია არის ძალიან კარგი დოკუმენტი, მისი მიზნები და მასში გატარებული ღირებულებები არის უდაო. ეს ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს. ქარტიისადმი ჩემი მხარდაჭერა მისი გამოქვეყნებისთანავე გამოვხატე და ეს მხარდაჭერა არ შეცვლილა.
თუმცა, მის ორ პუნქტს, რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობასა და ერთ წელიწადში ჩასატარებელ ვადამდელ არჩევნებს, ძალიან პრაქტიკული მიზეზების გამო არ ვეთანხმები და აქ მინდა ეს პრაქტიკული მიზეზები განვიხილო.
1. ეს პუნქტები უსამართლოა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებით. მათ აიღეს რისკები, ურტყეს თავში, არბიეს, ხარჯეს ადამიანური და მატერიალური რესურსები, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ისინი ხელისუფლებაში ვერ მოდიან.
ერთ წელიწადში უნდა დაინიშნოს ვადამდელი და მათ საქმე ლამის თავიდან უნდა დაიწყონ. ზოგ პარტიას საბაზისო ფინანსური რესურსები არ ეყოფა ამისთვის. ამასთანავე, არ მჯერა, რომ ქარტიით გათვალისწინებული რეფორმები ერთ წელიწადში მოსწრებადია;
2. პირველი პუნქტი ნაკლები პრობლემაა და მე პირადად მზად ვიქნებოდი მასზე თვალი დამეხუჭა, რომ არ იყოს მეორე, ბევრად დიდი პრობლემა.
ჩვენ ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების გატარებას არ ვაპირებთ სადღაც წყნარი ოკეანის შუაგულში, ახალ ზელანდიასთან ახლოს, სადაც ჩვენს ნებაზე ვიქნებოდით მიშვებულები. ეს რომ ასე იყოს, მე მთლიანად დავეთანხმებოდი ტექნიკური მთავრობის დებულებას.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსები გარედან და ს ფილიალები შიგნიდან, ყველანაირად ეცდებიან ახალი ხელისუფლების “გაბანძებას” და ხალხში განცდის დანერგვას, რომ ქოცების დროს მეტი სტაბილურობა იყო, რომ უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდით თავს. თან, ვადამდელ არჩევნებს ჩვენივე ხელით დავუნიშნავთ და დავეხმარებით რუსეთი ერთ წელიწადში დაბრუნდეს საქართველოში და დაბრუნდეს უფრო საფუძვლიანად.
ტექნიკურ მთავრობაში ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ გადასარევი, უპატიოსნესი ხალხი, მაგრამ რეალურ გარემოში ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვინც იციან როგორ მუშაობს პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები. ამ ხალხს უნდა ჰქონდეს პოლიტიკის ცოდნა, კონტაქტები და გამოცდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დავაყენებთ სერიოზული საფრთხის წინაშე, რადგან არც რუსეთი მიდის არსად, არც ბიძინას 6 მილიარდი და არც ქოცების სისტემა (სასამართლო, სუსი და სხვ.) იქნება დემონტაჟზე გაშვებული ერთ დღეში. ვისაც გგონიათ, რომ ქოცები მოქალაქეთა კავშირივით აორთქლდებიან, მგონი ცდებით. ცხადია, ბევრი დააპირებს აქეთ დაპორტირებას, ზოგი გაიქცევა, ზოგი გვერდზე გაიწევა, მაგრამ ქართული ოცნების, როგორც პრორუსული პოლუსის გამაგრება რუსეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი არსებობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. ამასვე იზამს ივანიშვილი, თავისი მილიარდებით.
შევარდნაძეს არც ერთი სამაგრი ჰქონდა და არც მეორე. ამიტომ, ამ საფრთხესა და მისგან წამოსულ ჰიბრიდულ ოპერაციებს არჩეული, გამოცდილი და პასუხისმგებლობის წინაშე მდგარი პოლიტიკოსები უნდა დაუპირისპირდნენ.
მე მისაღებად მიმაჩნია ნაბიჯი, რომ პრემიერი იყოს არაპარტიული, რადგან ოთხ პარტიას მართლა გაუჭირდება პარტიულ კანდიდატზე შეთანხმება, მაგრამ ეს არაპარტიული პრემიერი პოლიტიკურად უნდა იყოს გამოცდილი, ჰქონდეს კონტაქტები და ერკვეოდეს საერთაშორისო ურთიერთობებში.
ასეთ კანდიდატად, ამ ეტაპზე, თავად მოსჩანს. თუ სხვა არაპარტიული კანდიდატებიც გყავთ, ვისზეც მოხდება შეთანხმება და დააკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, კი ბატონო, მაგრამ მგონია რომ მოქმედი პრეზიდენტი ახლა უკვე მოვლენათა ეპიცენტრშია და მისი კანდიდატურა იქნებოდა უკეთესი.
თეორიულად, შესაძლებელია ზემოხსენებული კრიტერიუმებით შერჩეული პრემიერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატურის არჩევნებამდე დასახელება. თუ ეს მოხდებოდა ხავერდოვნად, უპრობლემოდ, ბუკით და ნაღარით, ეს ძალიან კარგიც იქნებოდა. თუმცა, ჩვენ უნდა ამოვიდეთ რეალური სცენარიდან და დავინახოთ ორი ხელშესახები საფრთხე, რომელსაც პრემიერობის კანდიდატის არჩევნებამდე დასახელება გამოიწვევს:
1. ეს კანდიდატი გახდება ქოცების მთავარი სამიზნე. მის დისკრედიტაციაზე დახარჯავენ ყველა რესურსს ქოცები, რუსები, სუსი და ფსბ. ჯერ რომ არ გვინახავს ისეთი ნიაღვარი წამოვა. ერთი სამიზნე ყოველთვის უფრო ადვილი გასანადგურებელია;
2. არსებობს მაღალი ალბათობა, რომ კანდიდატის შერჩევაზე დაიწყოს მოლაპარაკება, რაც გადაიზრდება უთანხმოებაში და მოხდება ოპოზიციის დისკრედიტაცია. ქოცებს კიდევ ერთხელ ჩაუვარდებათ ხელში სალაპარაკო “ესენი აქ ვერ თანხმდებიან და მერე რას იზამენ…”
მსგავსი რამ ჩვენ ვნახეთ ძლიერი საქართველოსა და გახარიას მოლაპარაკებების პროცესში.
ვიქტორ ჩერნომირდინის ნათქვამივით არ გამოგვივიდეს: “ვეცადეთ უკეთ გამოგვსვლოდა, მაგრამ გამოგვივიდა, როგორც ყოველთვის.”
ამიტომ, ამ ეტაპზე სჯობს ამასაც თავი ავარიდოთ.
ჩემი აზრით, არჩევნების შემდეგ მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს ჰიბრიდული მოდელით, რომელშიც შევლენ, როგორც პოლიტიკოსები, ასევე პროფესიული ნიშნით შერჩეული არაპოლიტიკოსი მინისტრები.
კერძოდ:
1. სალომე ზურაბიშვილი ხდება პრემიერი;
2. პოლიტიკურად არასენსიტიური პორტფელები შეგვიძლია მივცეთ სუფთა რეპუტაციის მქონე და გამოცდილ პროფესიონალებს. მაგალითად, რა პრობლემაა თუ იუსტიციის მინისტრად დავნიშნავთ და მართლმსაჯულების რეფორმას ჩავაბარებთ გუნდს/ადამიანს, ვინც მრავალი წელია ამ სფეროშია, იბრძვის სამართლიანობისთვის, აქვს სუფთა რეპუტაციული წარსული და აქვს ხედვა თუ როგორ უნდა გატარდეს რეფორმა?
ანალოგიურად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების სამინისტრო და ა.შ.
3. უსაფრთხოების ბლოკის ხელმძღვანელები (შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, სუსის უფროსი), ეკონომიკისა და საგარეო მინისტრები უნდა იყვნენ კოალიციურად შერჩეული გამოცდილი პოლიტიკოსები. დიახ, მყისიერად დამდგარ პოტენციურ საფრთხეებზე პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა.
ჩვენს სახელმწიფოს დასჭირდება დაუყოვნებლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკონომიკის, უშიშროების, მართლწესრიგისა და თავდაცვის მიმართულებით. ამ მიმართულებებს არაპოლიტიკოსებს ვერ ჩავაბარებთ, მაგრამ ამ დარგების რეფორმირების ნაწილში, მინისტრებს შეიძლება გავუჩინოთ პროფესიონალთაგან დაკომპლექტებული მრჩეველთა საბჭო, რომლებიც რეფორმების პროცესს წარმართავენ კონკრეტულ უწყებებში.
ბევრი რომ არ ვიჩხუბოთ და ამ მოცემულობებზე შევთანხმდეთ, მგონი აჯობებს,” – წერს სოციალურ ქსელში ასოცორებული პროფესორი, ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც