ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე:
აფხაზურ ალგორითმზე ვარ შემჯდარი და ფეისბუქი ყოველდღე ბევრ ვიდეოს და სტატიას მიგდებს. ახლოს რომ არ გინდა გაეკარო, ეგეთი სურათია: ცეკვა, სიმღერა, ფაფახი, ჩოხა, სუფრები, ყანწები, სისხლზე და ადათზე ლაპარაკი. მოკლედ, საბჭოთა ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩადგმული ეგზოტიკური, ეთნოგრაფიული ერი.
არც ჩოხის საწინააღმდეგო მაქვს რამე (მეც მაცვია ხოლმე), მოლხენა და ქეიფიც მიყვარს, მაგრამ აი ეს რომ არის და მეტი არაფერი არ არის, მეტზე ზრუნვაც არ უჩანთ, სრულიად უპერსპექტივო ხალხია. ამავე ვიდეოებში: ჩამოუვლის ხოლმე სერგეი კირიენკო (პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ამათი მოსკოველი კურატორი, სოხუმში დაბადებული), გადმოუგდებს სამშიერო ლუკმას და ხვდებიან ესენიც ორიენტალურად გამოწყობილები. წინ დგანან საგანგებოდ შერჩეული ლამაზი და ტანადი ბავშვები, ლექსებსა და მისასალმებელ სიტყვას ამბობენ. სუფთა საბჭოთა ესთეტიკა. სამუშაო მაგიდებიც ისეთი აქვთ, საბჭოთა დროს მინისტრებს რომ ჰქონდათ – გრძელი, ღია ფერის. სუნიც კი გცემს იმ ეპოქის.
ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, ასეთად მიაჩნიათ საკუთარი იდენტობა. მერე რა რომ ბიუჯეტის 60%-მდე პირდაპირ რუსული ტრანშია, ხოლო იმ დანარჩენ 40%-საც რუსული ტურიზმი, პენსია და ინვესტიცია ავსებს. ამას არაუშავს, მთავარია საბჭოთა დროს მათთვის მოგონილ-მორგებული ადათი!
იქვე არის ვიდეობი, როგორ გახსნა ბადრა გუნბამ სპორტდარბაზი, სხვა რაღაც პატარა ობიექტი (იქვე ბავშვები “ლეზგინკას” ცეკვავენ, აუცილებლად). 90-იანებში გასახსნელი რომ არაფერი იყო და შევარდნაძე ახალგამოჩენილი სუპერმარკეტების გასახსნელად რომ დადიოდა, ეგ გამახსენდა.
ზუსტად ასეთი იყო ქართველი გვიან საბჭოთა დროს და ადრეულ 90-იანებში. დღეს ქართველების უკეთესი ნაწილი იმით განსხვავდება აფხაზებისგან, რომ მისთვის ქართველობა ეთნოგრაფიულობაზე არ დაიყვანება – ქმნის, საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი, გეგმა აქვს, ამბიცია აქვს, კირიენკოებს ვერ აიტანს და ა.შ.
მე კუდს მოვესწარი, მაგრამ ჩემი სტუდენტებისთვის ეს სრულიად უცნობი და გაუგებარი ცივილიზაციაა. მათმა უდიდესმა ნაწილმა გაგების დონეზეც არ იცის რუსული, ღია მსოფლიოში არიან გაზრდილები.
მაგრამ ეგრე მარტივადაც არ არის საქმე. ეთნოგრაფიული საბჭოთა საქართველო კიდევ ცოცხალია, თავისი მეცნიერებათა აკადემიით, პარაზიტი მუქთახორებით, სადღეგრძელოების მსმელი ბიუჯეტის ქურდებით. მაგ საქართველომ მოაწყო ქვეყანაში კონტრრევოლუცია. ჟანრის კანონი მოითხოვს, ადრე თუ გვიან, კირიენკოც გამოჩნდეს.




