ბექა გოცირიძის თქმით, არ სურს მის ცემაში ბრალდებულების პატიმრობა და მათთან პრეტენზია არ აქვს

დღეს სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე მათგან „დაზარალებული“ პირი, ყოფილი ფეხბურთელი და “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი ბექა გოცირიძე დაიკითხა.
ის ამბობს, რომ დაკავებულ ბიჭებთან „ადამიანური“ ჩხუბი მოუვიდა, თვითონაც ურტყამდა და პრეტენზია ბრალდებულების მიმართ არ აქვს. მეტიც, გოცირიძე ამბობს, რომ მხარს უჭერს მათ გათავისუფლებას თუნდაც გირაოს სანაცვლოდ და ამით საფრთხეს არ იგრძნობს.
“დიდი არაფერი, უბრალოდ მოგვივიდა ჩხუბი. მგონი თორნიკემ დამარტყა პირველმა, სხვებიც იყვნენ. ძაან დიდი ტკივილი არ მიგრძნია, რაღაცა სასწაული ტკივილი არ იყო, ხელი დამარტყა. ცოტა ვიგრძენი. ადამიანი ვარ, რომ დაგარტყამენ, ტკივილს იგრძნობ. ადამიანები ვართ და ვიჩხუბეთ რა. არ შეიძლებოდა გირაო ან რაღაც? დააჭერინაო და მე რა დავაჭერინე?! ვჩხუბობდით, მე თავს ვიცავდი და მეც ვურტყამდი“ — თქვა ჩვენებისას ბექა გოცირიძემ.
გაგახსენებთ, რომ მინდიას და თორნიკეს ჯგუფურად ძალადობა ბრალდებათ. ბრალდების მტკიცებით, მათი „მსხვერპლი“ ბექა გოცირიძე გახდა — 37 წლის ყოფილი ფეხბურთელი, „ქართული ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერი,რომელმაც პროკურორ ნინო ჟვანიას თქმით, „ფიზიკური ტკივილი განიცადა“.
დაცვის მხარის თანახმად, ბექა გოცირიძე დანით მივიდა რუსთაველის გამზირზე პროვოკაციის მოსაწყობად. იმ დროს იქ აქცია მიმდინარეობდა და შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფებს, რასაც, შედეგად, ჩხუბი მოჰყვა.