საქართველოში ხელისუფლება მიტაცებული და უზურპირებულია – შესაბამისად, ამ რეჟიმისადმი წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევა არ არის, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების, მურთაზ ზოდელავასა და პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დიღმის იზოლატორთან დაკავებულების მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „რაც შეეხება დაკავების საფუძვლებს, რომელიც განაცხადეს, ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესია“.
„საქართველოში ხელისუფლება მიტაცებული და უზურპირებულია. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ძალადობას ქართველ მოქალაქეებზე, აქტივისტებზე, პოლიტიკოსებზე. ვხედავთ, რამდენი ათეული პოლიტპატიმარი გვყავს და ა.შ. შესაბამისად, ამ რეჟიმისადმი წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევა არ არის. პირიქით, ეს არის მცდელობა, საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად. ეს ბუნებრივია, არის სრულიად კეთილშობილური და პატრიოტული მოტივაცია.
რაც შეეხება დაკავების საფუძვლებს, რომელიც განაცხადეს, ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესია“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
კითხვაზე, აღიარებენ თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარსადგენ ბრალდებას, ადვოკატმა აღნიშნა, რომ „არასწორი სიტყვაა აღიარება“.
ადვოკატის განმარტებითვე, პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით, იმის არავითარი საფუძველი არ არსებობს, რაც უწყებამ განაცხადა.
„არასწორი სიტყვაა აღიარება. საერთოდ პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით იმის არავითარი საფუძველიც არ არსებობს, რაც განაცხადეს. ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსისაა, ისევე როგორც თვითონ ის პროცესები, რომელიც განვითარდა. ხელისუფლება არის პრორუსული და მოძალადე. შესაბამისად, მის წინააღმდეგ ღონისძიებები არის საქართველოს კონსტიტუციაში დაბრუნება“,-აღნიშნა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, შსს-მ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები – პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
