ბექა ბასილაია – ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პატიმრობის განაჩენი „ოცნებისგან“ პირდაპირი დავალებაა – ამ დავალებას სასამართლო პირნათლად ასრულებს

ეს „ოცნებისგან“ პირდაპირი დავალებაა. ამ დავალებას სასამართლო პირნათლად ასრულებს, – ასე გამოეხმაურა ადვოკატი ბექა ბასილაია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერისთვის, გიორგი ვაშაძისთვის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ადვოკატის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ვაშაძის ბრალეულობას გამორიცხავს.
„უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც არც ერთ სამართლებრივ ნორმას არ ეფუძნება, ის პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები აბსოლუტურად უარყოფს იმას, რის დასაბუთებასაც ბრალდების მხარე ცდილობდა, თუმცა ჩვენ ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება არ გაგვკვირვებია, რადგან ერთგვარი „ჩელენჯი“ აქვთ მოსამართლეებს გამოცხადებული, გამოსაცნობია მხოლოდ ის, რომელ ბრალდებულს, რამდენ თვეს მიუსჯიან, ეს „ოცნებისგან“ პირდაპირი დავალებაა. ამ დავალებას სასამართლო პირნათლად ასრულებს“, – განაცხადა ბასილაიამ.
ის სასამართლოს ამ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
„ჩვენ გავასაჩივრებთ არამხოლოდ ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების მიზნებისთვის, არამედ სააპელაციო სასამართლოში ველოდებით მართლმსაჯულების აღსრულებას, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ, მაგრამ გასაგებია, რომ სააპელაციო სასამართლო აბსოლუტურად იგივე ტიპის კონტროლის ქვეშაა სახელმწიფოს მხრიდან, როგორშიც საქალაქო სასამართლოა“, – განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.