ბექა ბასილაია – მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სასჯელის შეკრებითობა მოხდეს – რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მოსამართლეს მკაფიო განმარტება არ გაუკეთებია

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს ადვოკატი, ბექა ბასილაია სასამართლოს გადაწყვეტილებას, აფასებს, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იმის გამო, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება არ განუმარტავს, ადვოკატი მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე აცხადებს, რომ მოსამართლემ სავარაუდოდ, რეციდივის ფაქტით იხელმძღვანელა.
„გადაწყვეტილების შეფასება უნდა გავაკეთო, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე. ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, იქამდე სასამართლო ფარსია და რასაც დაავალებენ, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში სასჯელები შთაინთქმება. მოსამართლემ მკაფიო განმარტება არ გააკეთა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ გვიტოვებს ვარაუდისთვის სივრცეს. როცა დასაბუთებას დაწერს, ვნახავ, რაზე იმსჯელა – რეციდივს ჰქონდა ადგილი, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა, რეციდივის შემთხვევაშიც წერია კანონში, რომ უფრო მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ გარკვეული სასჯელის შეკრებითობა მოხდეს, თუმცა, ისიც ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში რა გააკეთა, საზღვრის კვეთაზე ფაქტობრივად მაქსიმალური მიუსაჯა და ამას დაუმატა 8 წელი და საბოლოო ჯამში, 12,6 წელი გამოიყვანა. მე ბოლო ბევრი წელია, მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ასევე ჩემი კოლეგებისგანაც ეს არ მსმენია.
ლოგიკურად შეიძლება ვივარაუდოთ, რადგან აქამდე არსებული ბრალი იყო საზღვრის კვეთამდე და საზღვრის კვეთა ამის შემდეგ მოხდა, ამის გამო შეიძლებოდა რეციდივად შეეფასებინა, მაგრამ ამ პირობებში, როცა ერთი კვირის წინ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც მანამდე არსებულ განაჩენებზე მეტია, ამიტომ აბსურდული და გაუგებარია ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თუმცა, მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.