როცა მსგავსი ტრაფარეტული ფრაზები მესმის, როგორიცაა “უფრო მეტი ვიდრე….” მაინცდამაინც აღტყინებული არ ვარ და განსაკუთრებულს არაფერს ველოდები, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვაზე უნდა მენდოთ.
იმით დავიწყოთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია ინგლისურის გაუმჯობესებას ვგეგმავ. დაგეგმვა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ჩემი მცდელობები დუოლინგოს გადმოწერას არ გასცდენია.
საშველი რომ ვერ დავაყენე ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის, ერთი ისაა, რომ სამსახურის შემდეგ თავისუფალი დრო მინდა სოციალიზაციას, ახალი ადამიანების გაცნობასა და გართობას დავუთმო (კაი ერთი, ეგ ვის არ უნდა). პლუს, ინგლისური ასე თუ ისე კარგად ვიცი და საჩქარო არასდროს ყოფილა სწავლის დაწყება. ამიტომ, რა თქმა უნდა, სულ მომავლისთვის ვდებდი.
მოკლედ, მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც მეტი სჭირდებოდა, ვიდრე უბრალოდ ინგლისურის სასწავლო ცენტრი და ბექას სკოლა ზუსტად ასეთი აღმოჩნდა.
ბექას სკოლის შესახებ სოც. ქსელებიდან გავიგე. ხშირად მხვდებოდა მათი სახალისო პოსტები, ქარდები და ამ გართობა-გართობაში რამდენიმე ვიდეოც შემომეყურა. მოწყენის საშუალებას არც აქ გაძლევენ და ყველაზე მეტად იმით მოვიხიბლე, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდიან უამრავ კარგ რესურსს და პრაქტიკულ რჩევებს იძლევიან.
ჰოდა, მეც სერიოზულად დავფიქრდი სწავლის დაწყებაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავიგე ქართველ მოსწავლეებზე მორგებულ მეთოდებს იყენებენ და თურმე ახლახან კემბრიჯის ონლაინ პლატფორმა დანერგეს.
ამასთან ერთად, სხვადასხვა შეკრებებს აწყობენ, იქნება ეს სასაუბრო კლუბი, თან უფასოდ (ახლა არ დამიწყოთ უფასო არაფერიაო), მაფიოზობანა თუ სხვა საინტერესო აქტივობა, რომელიც იდეალურია ინგლისურ ენაზე სოციალიზაციისთვის და ჩემს პრეტენზიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ჰოდა, კაი, why not, მეც გავხდი ბექას სკოლის მოსწავლე.
სკოლა ისტორიულ შენობაში, ტაბიძის ნომერ 18-ში მდებარეობს. შენობა რომ ისტორიულია ამას სადარბაზოში შესული მაშინვე ხვდები. კარი მითური პორტალივითაა – ხმაურიანი ქალაქის ცენტრიდან, ისტორიულ პერიოდში გადადიხარ. კედელზე ორივე მხარეს უშველებელი ნახატებია და მთელი სადარბაზო, მთლად სიქსტის კაპელასავით ვერ, მაგრამ ლამაზადაა მოხატული.
სადარბაზოში ბექას სკოლის ცნობისმოყვარე მოსწავლეების გარდა ხშირად ტურისტებიც შეგხვდებიან, თქვენ მესამე სართულზე მოგიწევთ ასვლა და აქ უკვე მიხვდებით რომელ კარში შეხვიდეთ.
სასწავლო ცენტრი კი ჰქვიათ, მაგრამ ეს სახელი ძალიან ოფიციალურია და ზუსტად არ გამოხატავს იმ განწყობას, რაც ადგილზე გხვდება. ჩემი ინგლისურის რეპეტიტორი გამახსენდა. სკოლის პერიოდში, რეპეტიტორის ბინა იყო ის იშვიათი ადგილი, სადაც განათლების მიღებისას ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს და რეალურად, ამ სივრცის დამსახურებაა (და არა სკოლის), რომ ბევრი წლის შემდეგ, ინგლისური ისევ კარგად ვიცი.
ბექას სკოლის შიდა სივრცე ესთეტიკური, სტუმართმოყვარე და არტისტულიც კია. როგორც მივხვდი, აქ შეგიძლია გაკვეთილებამდეც მოხვიდე და დაისვენო, ან იმეცადინო. ამისთვის ცალკე სივრცეა განკუთვნილი და არ მოგერიდოს.
მე ბექას სკოლის ყველაზე მსუყე კურსი – ზოგადი ინგლისურის კურსი ავირჩიე. პროგრამა 4 თვე გრძელდება და კვირაში სამჯერ მაქვს გაკვეთილები. ორჯერ ჯოზეფთან და ერთხელ თამოსთან.
ჯოზეფი ამერიკელია და არც თუ ისე დიდი ხანია, რაც აქ ცხოვრობს, მაგრამ ქართულ რეალობას უკვე კარგად იცნობს. უყვარს ხაჭაპური (ყველანაირი), სიტყვა fascinating და თან დააქვს ხელოვნური სუნთქვისთვის განკუთვნილი პორტაბელური აპარატი.
ჯოზეფს ჯვარი წერია და მომენტებში რობინ უილიამსს მახსენებს, იუმორითა და დადებითი ენერგიით. მოკლედ, ბევრი ჯოზეფის მსგავსი მასწავლებელი გვჭირდება და ქვეყანაზე ომი ალბათ მაინც იქნება, მაგრამ ბევრად ნაკლები.
ყურადღება და ინტერაქციული გაკვეთილები არც თამოსგან მოგაკლდებათ. თამო გრამატიკას ასწავლის და თურმე ძალიან ეფექტური ყოფილა მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებლის ყოლა, როცა ცდილობ ფასთ ფერfექთ თენსსა და სხვა გრამატიკულ დროებში გაერკვე. ქართულ გრამატიკასთან შედარება და მაგალითების მოყვანა უფრო ნათელს ხდის მთელ ამ ჩახლართულ სისტემას.
სწავლის პროცესს ხსენებული კემბრიჯის ონლაინ პლატფორმა კიდევ უფრო ამარტივებს. Digital Workbook-ში ინტერაქციული სავარჯიშოებია, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია გააკეთო, ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან.
მასწავლებელი ლაივ რეჟიმში ხედავს შენს აქტივობას – რა დრო დახარჯე პლატფორმაზე, დავალებები როგორ შეასრულე, რა ნაწილში გიჭირს და სად გჭირდება დახმარება.
ამასობაში კი გავიდა 2 თვე, რაც სკოლის მოსწავლე ვარ და დასაწუნი არაფერი მაქვს, პირიქით. ბოლოსკენ ერთ საყვარლობა მომენტსაც გავიხსენებ, რომელიც ახლახან მოხდა. მოკლედ, 1-2 გაკვეთილის გაცდენა მომიწია და მაშინვე დამირეკეს სკოლიდან, მომიკითხეს, როგორ ხარ, რამე პრობლემა ხომ არაა, რომ აღარ დადიხარ, რამით ხომ არ ხარ უკმაყოფილოო. ცოტა გული ამიჩუყდა და დავამშვიდე, რომ ყველაფერი კარგადაა და მალე დავბრუნდებოდი.
ამასობაში, თუ თქვენც დაინტერესდით და მოგინდათ შემოერთება, ახალი კურსები ბექას სკოლაში 22 იანვრიდან იგეგმება და რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია.