ბესიკ ხარანაული – ახალწლის შელოცვა

ახალწლის შელოცვა
ქორონიკონს ქრისტეს აქეთ, ორიათას ოცდაოთხსა,
ახალწელიწადს ვულოცავ, ქალსა, კაცსა, ცხენსა, ჯორსა,
სუყველას, ღვთისგან გაჩენილს, ეშმაკისგან განაშორსა,
ყველას, რასაც ჩრდილი ახლავს, რაც მიწაზე ბალახს ძოვსა,
რაც გზაზე დაიარება, რაც კლდიანზე უცემს ტორსა,
ახალჩასახულ სიცოცხლეს, საფლავებსა დანათოვსა,
წვიმიანსა, თოვლიანსა, ქარისაგან მოშლილ თქორსა,
აღმართსა და, დაღმართსა და, ვაკესა და, მთა და გორსა,
ყველა სულდგმულს მასზედ მავალს, არ დავტოვებ ცაში ქორსა,
ახალწელიწადს ვულოცავ, კოცნას ვუძღვნი და ამბორსა,
საქართველოს შევეწიოთ, ჩვენგანამცა განაჭორსა,
იმათაც, ვინც მისჯილია, სხვის ცას უბრად უყუროსა,
თავის მიწა გაახსენდეს, თვალზე ცრემლი იწუროსა,
ჩვენ კი, ვინაც სახლში ვსუფევთ, მტრობა დავიჭიროთ შორსა,
ცუდი მალე დავივიწყოთ, კარგი კიდავ არასდროსა,
შარშანდელს მადლი შევწიროთ, სახსოვარსა დანატოვსა,
კაცი მთელი გამოვიდეს, გუდა წყალმა წაიღოსა…
მორჩა, მეტი აღარ ვიცი, გაგრძელებას ნუვინ მთხოვსა,
შაირი ხომ ჩვეულია ისარსაც რომ გაასწროსა,
მტერს ისარი, ჩვენ მზისთვალი, მოტყორცნილი შორით-შორსა,
კაცს ხალისი თუ არა ახლავს, სხვისთვის მაინც ხალისობსა,
სხვა თუ არ ჰყავს, თავს შესცინებს, გაალხინებს დანაღონსა,
ამინს ეტყვის მაღლით ღმერთი, როგორც კაცი, სწორი-სწორსა,
ქორონიკონს ქრისტეს აქეთ, ორიათას ოცდაოთხსა,
საწერ-კალამი მიჭირავს, არც მაწვიმს და არცა მთოვსა,
სამ ჭიქას დავილოცები, ბევრს ვეღარ ვსვამ ბოლო დროსა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია