ბესელიას თქმით, რუსულ კანონს საკონსტიტუციოში პრეზიდენტიც გაასაჩივრებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით იმართება საკონსულტაციო შეხვედრა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
შეხვედრის დაწყებამდე პარტია სამართლიანობისთვის თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკონსტიტუციოში სარჩელს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით პრეზიდენტიც შეიტანს.
“ორგანიზაციების უმრავლესობა არ აპირებს რეგისტრაციას. საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის გასაჩივრება არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება და მისი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ის მაინც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, რომ იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს სექტემბერში ამ კანონის ამოქმედებას, შეაჩეროს სასამართლომ მისი მოქმედება.
ამ სარჩელის მომზადების პროცესში ჩართულია ბევრი ადამიანი, არასამთავრობო სექტორი, იცით, რომ პრეზიდენტის მხარეც… მხოლოდ პრეზიდენტს აქვს უფლება, განსხვავებით სამოქალაქო სექტორისა, 78-ე მუხლით, რომელიც არის სპეციალური ჩანაწერი კონსტიტუციაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ამ მუხლით გასაჩივრდეს[…] ამ მუხლითაც გასაჩივრდება”. – თქვა პარტია სამართლიანობისთვის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
შეხვედრამდე ჟურნალისტებს ესაუბრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი გიორგი გოცირიძეც. მისი თქმით, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სარჩელის შეტანას.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, ვინაიდან, მედიას აკისრებს ვალდებულებას დარეგისტრირდეს უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. იგივე ვალდებულებას აკისრებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ნორმა ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლებას. ამავდროულად, ეს კანონი არის დისკრიმინაციული.
სარჩელი, პრაქტიკულად მომზადებულია[…] პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს ის, ბუნებრივია, შეიტანს [სარჩელს]. მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და ეს შეხვედრები ზუსტად იმას ემსახურება, რომ ინფორმაცია გავცვალოთ”. – თქვა გოცირიძემ.
30 მაისს, რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება და თქვეს, რომ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
“ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. ამისათვის ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას”. – ნათქვამი იყო NGO-ების განცხადებაში.