ათასობით ტრაქტორმა ქვეყანა ორად გაყო – მიწათმოქმედები, მეცხოველეები და მეფუტკრეები პროტესტს განაგრძობენ და დარგში შექმნილი პრობლემების გადაჭრას ითხოვენ.
უზენაესი სასამართლოს გაფრთხილების მიუხედავად, რომ ტრანსპორტის შეფერხებისთვის პროტესტის მონაწილეების სამართლებრივი დევნა დაიწყება, ფერმერები სიმტკიცეს ინარჩუნებენ და კარდიცადან ვოლოსამდე და პრომახონასამდე გზები, პორტები და სასაზღვრო პუნქტები ბლოკირებული აქვთ.
მეტიც – მათი მობილიზება იზრდება და საბოლოო გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედებენ მომავალში, ეროვნულ შეკრებაზე მიიღებენ.
უკვე მეცხრე დღეა, ფერმერები და მეფუტკრეები ნიკაიაში (ლარისას ნომი) აქციებს მართავენ. ათასობით ტრაქტორი მწკრივშია ჩამდგარი, ხოლო ათენი-თესალონიკის გზატკეცილი ორივე მიმართულებით დაკეტილია.
ტრაქტორები კარდიცადან, ტრიკალადან და მიკროთივესიდან ვოლოსის პორტში ჩავიდნენ. სიმბოლური პროტესტის ნიშნად, სამგზავრო ტერმინალი გაიარეს, რის შემდეგაც, სატვირთო ტერმინალის შესასვლელის ბლოკირებისთვის, უკან დაბრუნდენენ. საბაჟო სამსახურის ბლოკირებაც სცადეს. საბერძნეთში ფერმერებს დემონსტრაციის ფარგლებში სალონიკის პორტი აქვთ ბლოკირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ფერმერებმა პორტის მთავარ შესასვლელში მიიყვანეს ტრაქტორები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ტურისტული ავტობუსები.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ფერმერები სასოფლო-სამეურნეო დახმარების დაგვიანებას და სამეწარმეო ხარჯების ზრდას აპროტესტებენ.
სალონიკის პორტში ფერმერების დემონსტრაციაზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები. საპროტესტო აქციის მონაწილეები მომდევნო ნაბიჯებს შაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე განსაზღვრავენ.
ფერმერების პროტესტი საბერძნეთის მასშტაბით, უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება, რა დროსაც დემონსტრანტები იყენებენ ტრაქტორებსა და სატვირთო მანქანებს ავტომაგისტრალებისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გადასაკეტად.
საბერძნეთში სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების გამოყოფა კორუფციული გამოძიების გამო შეფერხდა. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ზოგიერთი ფერმერი სახელმწიფო მოხელეების დახმარებით მიწის საკუთრების უფლებას აყალბებდა. აუდიტის გამო შეყოვნდა შემდგომი დახმარების გამოყოფა.
პროტესტის დეტალები
წინა კვირას ნიკაიას ბლოკ-პოსტზე შეხვედრა გაიმართება, რათა სიტუაცია შეფასდეს და შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმოს.
ბლოკადების მონაწილეთა საერთო ეროვნული შეკრება, რომელზეც საკოორდინაციო კომიტეტს აირჩევენ, შაბათს ჩატარდება. ამავე შეკრებაზე განისაზღვრება მოთხოვნები, რომელიც მთავრობას წარედგინება.
ჰერაკლიონში (კრეტა) ფერმერებმა ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება მოახდინეს. ისინი ითხოვენ პასუხებს შეკითხვებზე, რომლებიც სუბსიდიების, წყლის დეფიციტისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს შეეხება. პროტესტის მონაწილენი ამზადებენ მემორანდუმს და კუნძულზე მყოფ მთავრობის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვენ. ამავდროულად, ისინი აპროტესტებენ გავრცელებულ ინფორმაციას შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ, რასაც დაშინების მცდელობად მიიჩნევენ.
ხანიაში ფერმერები აეროპორტში რჩებიან, თუმცა, ამის მიუხედავად, ფრენები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
დასავლეთ საბერძნეთის რეგიონის მეცხოველეები მობილიზებას აძლიერებენ და სამ პრეფექტურაში „ფრონტის გახსნას“ აპირებენ.
ოთხშაბათს, 11:00 საათზე, დაგეგმილია დიდი თავყრილობა რიო-ანტირიოს ხიდზე. ეს არის პირველი ოფიციალური განცხადება ამ უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძის ბლოკირების შესახებ.
გზატკეცილის ბლოკირება აიტოლოაკარნანიაშიც იგეგმება.
ილიაში ბლოკ-პოსტი მოწყობილია პირგოსის გზაჯვარედინზე, სადაც ფერმერები და მეცხოველეები პატრა-პირგოსის ავტომაგისტრალს ყოველდღიურად რამდენიმე საათით კეტავენ.
ბლოკ-პოსტი მოეწყობა ლაკონიაშიც, სპარტას შესასვლელთან (სპარტა-ტრიპოლის გზის 1-ელ კილომეტრზე), მორეას ხიდის ქვეშ. ოთხშაბათს, 2025 წლის 10 დეკემბერს, საღამოს 5 საათზე, აქ პროტესტის მონაწილეთა შეკრება გაიმართება. საკოორდინაციო კომიტეტი აცხადებს, რომ ფერმერები მზად არიან ბრძოლის გასაგრძელებლად.
აქციის მონაწილეთა მობილიზებამ პოლიტიკურ წრეებში მწვავე პოლიტიკური დებატები გამოიწვია. ოპოზიციის ლიდერები ბლოკ-პოსტებს ხშირად სტუმრობენ და მთავრობას არაკომპეტენტურობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. ისინი ასევე მოითხოვენ დიალოგს „აგრარული სექტორის მხარდასაჭერად და გადასარჩენად“.
პროტესტის მონაწილეებს მთავრობა თავშეკავებისკენ მოუწოდებს და განუმარტავს, რომ დეკემბრის ბოლომდე ფერმერები 1 მილიარდ ევროზე მეტს მიიღებენ, მათ შორის – სტიქიის მიერ მიყენებული ზარალისთვის გათვალისწინებულ კომპენსაციებს. ქვეყანაში ვითარება დაძაბული რჩება. მომავალი კვირა, პროტესტის გაგრძელების თვალსაზრისით, გადამწყვეტად მიიჩნევა.
ფერმერთა პროტესტია საფრანგეთშიც, თუმცა, მიზეზი, საბერძნეთისგან განსხვავებულია.
საფრანგეთში ფერმერთა დიდ ჯგუფსა და ჟანდარმერიას შორის დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი ავრცელებს.
მისივე თქმით, ფერმერები პირუტყვის სანიტარულ დაკვლას აპროტესტებდნენ და პოლიციის წარმომადგენლებს იმ ფერმაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, სადაც პირუტყვის საშიში დაავადება დადასტურდა. შედეგად, ფერმერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა და ოთხი პირი დააკავეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა.
ლორან ნუნიესის განცხადებით, ბორდ-სიურ-არიზში მდებარე ფერმაზე კონტროლი პოლიციამ 11 დეკემბერს აიღო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციელები ცდილობდნენ იმ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, რომლითაც ფერმერებმა გზა გადაკეტეს.
„ეს ქმედებები აუცილებელი იყო ჩვენი პირუტყვის დასაცავად“, – აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ნუნიესის თქმით, ბლოკადაში მონაწილე ადამიანებს შორის იყვნენ ულტრამემარცხენე მოძრაობის ათობით მხარდამჭერი და ისინი პოლიციის მისამართით აგრესიულად მოქმედებდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრი სამართალდამცავებს მოუწოდებს, ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ, რადგან, მისივე თქმით, დარბევა ინციდენტების გარეშე არ ჩაივლის.
ცნობისთვის, ფერმაში ადგილობრივი ჯიშის 207 ძროხიდან ერთ-ერთს საშიში დაავადება დაუდასტურდა. პროტოკოლის თანახმად კი, ასეთ შემთხვევაში პირუტყვი სრულად უნდა განადგურდეს. ფერმერები თავდაპირველ ეტაპზე მხოლოდ დაავადებული ძროხების დაკვლას და დანარჩენების ვაქცინაციას და სიტუაციის მონიტორინგს ითხოვენ.
წყარო: 1 არხი




