ბერძენიშვილი: თავდასხმა მანამდეც მზადდებოდა, პაპუაშვილმა კი ამ ტორტს ალუბალი დაადო

აშკარად, თავდასხმა მანამდეც მზადდებოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ რაღაცა თავისი ალუბალი დაადო ამ ტორტს და სულ მალე მოუწევს, თავიდან ბოლომდე თავად მიირთვას […] პაპუაშვილი თავის თავზე რამდენს იღებს, ეს კი გამიკვირდა და ცოტა უჩვეულოდ მომეჩვენა. მე მგონი, გაექცა, ნამეტანი მოსდის. ამხელა თანამდებობის პირს ასე პირდაპირ, კონკრეტულ დანაშაულთან ამხელა კავშირი – ბიძინას მონებიც კი ცდილობენ ხოლმე, რომ არ ფიქსირდებოდნენ. არ ვიცი, პაპუაშვილს გაუჩალიჩეს თუ ამხელა ენთუზიაზმი თვითონ გამოიჩინა.
რაღაცნაირად, სინდისი დამიმშვიდდა, იმიტომ, რომ ამ რეჟიმის პირობებში ნაცემი თუ არ ხარ, ამ შემთხვევაში, რაღაც კითხვის ნიშნები ჩნდება.
თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, ზუკა ბერძენიშვილმა კლინიკის დატოვების შემდეგ. ბერძენიშვილს ქართული ოცნების ტიტუშკები თავს გუშინ, 11 ივნისს დაესხნენ. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Facebook-ზე დაწერა პოსტი, რომელშიც აქტივისტები, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრების მიმართ მუქარასა და ტერორის კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.