2019 წელს შუაგულ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის, – ჩეჩნეთის ომში რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ყოფილი საველე მეთაურის, – ოჯახის 12 წევრს გერმანიის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს.
ინფორმაციას რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიური სამსახური, „კავკაზ რეალიი“ ავრცელებს. გამოცემა ეყრდნობა ხანგოშვილების ოჯახის ორ წევრს – ზელიმხან ხანგოშვილის ქვრივსა და დას.
„კავკაზ რეალიის“ ცნობით, საუბარია ზურაბ ხანგოშვილის უფროსი ძმის, ზურაბ ხანგოშვილის ოჯახზე; ისინი 23 ოქტომბერს სპეციალური რეისით გამოამგზავრეს საქართველოში.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, 23 ოქტომბერს ჩარტერული რეისი შეასრულა „ჯორჯიან ეარვეისმა“.
ხანგოშვილსი ქვრივი მანანა (რაისა) ციატიევა გერმანულ ტელევიზიასთან ამბობს, რომ გერმანელი სამართალდამცავები ხანგოშვილების რამდენიმე ბინაში 23-ში დილას შევიდნენ და ძალის გამოყენებით წაიყვანეს.
რადიო თავისუფლება ცდილობს ზურაბ ხანგოშვილთან დაკავშირებას დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით.
· 2019 წლის 23 აგვისტოს, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში, მაყუჩიანი პისტოლეტით მოკლეს. კრასიკოვმა მეჩეთში, პარასკევის ლოცვაზე მიმავალ ხანგოშვილს ზურგში სამი ტყვია ესროლა;
· გამოცემა Daily Beast-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ხანგოშვილი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა საქართველოს უშიშროების სამსახურებთან;
· პოლიციამ მკვლელი იარაღის გადაგდების მცდელობისას დააკავა. მას აღმოუჩინეს პასპორტი – იაკობ სოკოლოვის სახელზე და შენგენის ვიზა – გაცემული საფრანგეთის საელჩოს მიერ მოსკოვში;
· ხანგოშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს;
· გერმანიაში გამოძიებამ დაადგინა, რომ იაკობ სოკოლოვი იგივე ვადიმ კრასიკოვია და ის რუსეთის მთავრობის დავალებით მოქმედებდა;
· 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა;
· 2024 წლის 1 აგვისტოს კრასიკოვი იყო ერთ-ერთი, რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ტყვეთა უპრეცედენტო გაცვლაში მოჰყვა;
· კრასიკოვის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ღიად პირველად აღიარა, რომ იგი „ეფესბეს“ სპეციალური დანაყოფის თანამშრომელი იყო.
ფორუმი
