გერმანიის დედაქალაქი ბერლინი ზაფხულში ახალ პროექტს — BerlinPay-ს იწყებს. ინიციატივის ფარგლებში ტურისტები სპეციალურ ვაუჩერებს მიიღებენ, რომლებიც მუზეუმებში, რესტორნებში და კონცერტების ბილეთებზე ფასდაკლებების მიღების შესაძლებლობას მისცემს. სანაცვლოდ, ქალაქი სტუმრებს სთხოვს, ნაგვის შეგროვებაში მიიღონ მონაწილეობა — არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების დატოვებული ნარჩენებისაც. საუბარია ქუჩებზე, პარკებსა და მდინარე შპრეეს სანაპიროებზე.პროექტში მომავალში შესაძლოა ჩაერთონ სასტუმროები, ტურისტული კომპანიები, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეებიც. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წარმატებული აღმოჩნდება BerlinPay-ის პირველი ეტაპი.ბერლინმა მაგალითად დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მოქმედი CopenPay აიღო. ამ პროგრამაში ტურისტებს უფასო ბილეთებით, ექსკურსიებითა და სასმელებით აჯილდოებენ, თუ ისინი ნაგვის დასუფთავებაში ეხმარებიან ქალაქს, უვლიან პარკებს ან გადაადგილებისთვის ველოსიპედსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ. ორგანიზაცია Wonderful Copenhagen-ის ინფორმაციით, CopenPay-ში უკვე 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ველოსიპედების გაქირავება ქალაქში 60%-ით გაიზარდა.ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გააკონტროლებს ბერლინი ნაგვის შეგროვების პროცესს და როგორ გაიცემა ვაუჩერები. კოპენჰაგენში აცხადებენ, რომ მათი პროგრამა ძირითადად ნდობის პრინციპზე მუშაობს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მონაწილეებს ჯილდოს მისაღებად ეკოლოგიურ აქტივობაში მონაწილეობის დამადასტურებელი ფოტო ან ოფიციალური დოკუმენტიც სჭირდებათ.