ბერლინის სასამართლო საქართველოს “უსაფრთხო ქვეყნის” სტატუსს ეჭვქვეშ აყენებს

გერმანიის ადმინისტრაციული სასამართლო უარს ამბობს, საქართველო “წარმოშობის უსაფრთხო ქვეყნად” აღიაროს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებლების საქმის განხილვისას – ამის შესახებ განცხადებას თავად ბერლინის სასამართლო ავრცელებს და საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაში ყოფნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
საქმე ისაა, რომ 2023 წელს გერმანიამ საქართველო “წარმოშობის უსაფრთხო ქვეყნების” სიაში შეიყვანა, რაც გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის პროცედურებს ამარტივებდა, იმ მიგრანტებს კი, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფარზე უარი ეთქმებოდათ, წარმოშობის ქვეყანაში უფრო სწრაფად დაბრუნების საშუალება ჰქონდათ. ევროკავშირის კანონის თანახმად, “უსაფრთხო ქვეყნებში” დაბრუნებული თავშესაფრის მაძიებლები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ.
ამავე მიზეზით თავშესაფარზე უარი ეთქვათ წყვილს საქართველოდან, რომლებმაც საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ბერლინის სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც ისინი ამბობენ, წყვილი საქართველოში, საჯარო სექტორში იყო დასაქმებული, საიდანაც ქმარი საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის გაათავისუფლეს, ცოლს კი, ამავე მიზეზით, საყვედური გამოუცხადეს.
ბერლინის სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რის გამოც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაში არ არის. როგორც ბერლინის სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ უკვე შექმნა პრეცედენტი მოლდოვას საკითხის განხილვისას და განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ იქნება უსაფრთხო, თუ მისი ტერიტორიის ნაწილი უსაფრთხო არაა. საქართველოს შემთხვევაში ასეთად მიიჩნევა და სამხრეთ ოსეთი, ვინაიდან ტერიტორიებს საქართველოს ხელისუფლება არ აკონტროლებს. როგორც ვერდიქტშია ნათქვამი, რადგან ოკუპაციის გამო ქვეყანაში შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება, პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლება და ადგილი აქვს ეთნიკურ დისკრიმინაციას, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ვერ ჩაითვლება. ბერლინის სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საქართველოს უსაფრთხოება LGBTIQ თემის წევრთა პოტენციური დევნის გამოც.