ბერდია სიჭინავა – წულუკიანის განცხადება დასტურია, რომ ეს ე.წ. კომისია იყო წინასწარ ორგანიზებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი გიორგი გახარიას მიმართ ივანიშვილის მიერ დაანონსებული დევნისა და შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის

წულუკიანის დღევანდელი განცხადება არის დასტური, რომ ეს ე.წ. კომისია იყო წინასწარ ორგანიზებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი გიორგი გახარიას მიმართ ივანიშვილის მიერ დაანონსებული დევნისა და შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის აღმასრულებელი მდივნი, გიორგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, წულუკიანის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები, მომავალში მტკიცებულებებად იქნება გამოყენებული.
“თეა წულუკიანს, როგორც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირს – კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით ევალებოდა დაეცვა ობიექტურობა და მიუკერძოებლობა საგამოძიებო კომისიის საქმიანობის პროცესში, თუმცა კანონის როგორი დარღვევებით წარმართა სხდომები გიორგი გახარიასთან მიმართებით, როგორ არღვევდა მის უფლებებს – რა ლექსიკით, აგრესიითა და ანტისახელმწიფოებრივი დამაზიანებელი რიტორიკით პოზიციონირებდა, მთელმა ქვეყანამ იხილა.
წულუკიანის დღევანდელი განცხადება არის დასტური, რომ ეს ე.წ. კომისია იყო წინასწარ ორგანიზებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი გიორგი გახარიას მიმართ ივანიშვილის მიერ დაანონსებული დევნისა და შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ.
სასამართლო დღემდე “სირაქლემის პოზას” ინარჩუნებს, როდესაც მსგავსი შინარსსის განცხადებებს – როგორც მტკიცებულებებს, დაცვის მხარის არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, არ ურთავს საქმეს, თითქოს ასეთი განცხადებები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, მაშინ, როდესაც რეალურად მმართველი პარტიის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის ან სხვა კონსტიტუციური ორგანოს თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები ნებისმიერი ობიექტური პირისთვის აღიქმება სახელმწიფოს პოზიციის ფორმად.
წულუკიანის კვაზი-სასამართლო კომისიასა და იმ გავლენის ჯგუფის მიერ მართულ სასამართლოში, რომელთანაც თავის დროზე სასტიკად დამარცხდა წულუკიანი, არავის აქვს სიმართლის დადგენის მოლოდინი, თუმცა ადრე თუ გვიან ეს გარდაუვლად მოხდება და წულუკიანის ეს განცხადებაც, ბევრს სხვას შორის, არსად გაქრება და ერთ-ერთი მტკიცებულებად იქნება გამოყენებული”, – წერს ბერდია სიჭინავა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა იარაღიანი დაცვით მოითხოვა, მე არ ვისვრი, არც კომისიის წევრები და ვისგან უნდა დაგვეცვა იარაღით? – იმდენი ვქენით, ეს ადამიანი ქვეყნიდან გავაქციეთ და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი?“

ასევე დაგაინტერესებთ