პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან – თუ კობახიძეს და “ოცნებას” ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება) ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს „მიაწვეს“, “ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის „მოწყალება“ და ბიუჯეტიდან ეს ფული ამომრჩეველს ეკუთვნის.
„რადგან აღვირახსნილ, ბინძურ კამპანიას ვადევნებთ თვალს, იძულებული ვარ, ასეთ მძიმე დროს, პარტიულ დაფინანსებაზეც მოვყვე რაღაც „ანა-ბანა“:
პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან; თუ კობახიძეს და “ოცნებას” ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება) ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს „მიაწვეს“, “ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს;
საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის მოწყალება, რომლის ბენეფიციარიც ბევრი “ოპოზიციონერი” ყოფილა წარსულში და როგორც წყაროზე ამბობენ, ზოგიერთები არც ახლა უჩივიან ბედს;
ბიუჯეტიდან ეს ფული ეკუთვნის ჩვენს ამომრჩეველს, მისი მოპოვებულია და მხოლოდ ამ ადამიანების გადასაწყვეტია რა და როგორ იქნება – მხოლოდ მათ წინაშე აქვს პარტიას პასუხისმგებლობა – ეს არ არის პარტიაში ვინმეს ხელფასი და პრივილეგია;
ერთადერთი პარტია ვართ, რომლის უკან არასდროს მდგარა ოლიგარქი, მსხვილი კაპიტალი, უჩინმაჩინები, ტელევიზიები, ჭუჭყიანი და გაუმჭვირვალე ფული, აქამდე მოვედით სუფთა ხელებით, ანგარიშებზე არსებული ყადაღებით, რომელიც რამდენიმე წელია გვადევს, მაგრამ ამის მიუხედავად არ დაგვიხრია თავი რეჟიმთან ბრძოლაში, რომელიც განსაკუთრებით დევნიდა და ავიწროებდა ჩვენს პარტიას.
არ გვაქვს არავის წინაშე ფარული ვალდებულებები და ჩვენს პოლიტიკაზე ვერავინ ვერასდროს მოახდენს გავლენას – ესაა ჩვენი ძალა – ღიაობა და გამჭვირვალობა, რაც თითოეულ ჩვენს თანაგუნდელს ეამაყება და აძლიერებს ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ სახელოვნად – სუფთა ხელებით.
თქვენს თავს დაუსვით ერთადერთი შეკითხვა, ვისაც ახლა განხეთქილებისა და ძირითადი საკითხიდან ყურადღების გადასატანად შემოაქვს ეს თემა, კობახიძის ინტერვიუს დაათრევს საკუთარ კედელზე და მნიშვნელობას სძენს და აძლიერებს მის ისტერიულ ბოდვებს ლეგიტიმაციაზე, შემთხვევით ხომ არ აღძრავს ეჭვებს კეთილსინდისიერებაზე?!
და ბოლოს, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ამ ბრძოლას ბუნებაში ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს, ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი!“ – წერს სიჭინავა.
ცნობისთვის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ბარიერგადალახულმა პარტიებმა, საბიუჯეტო დაფინანსება მოიპოვეს. ოთხი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტის 5%-იანი ბარიერი გადალახეს, საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ერთმა პარტიამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“ თქვა.