ბერდია სიჭინავა – მტკნარი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა

ხელისუფლება უკვე შეშლილია. ისინი სახელმწიფოს საჭესთან შეშლილი სახით სხედან და უფსკრულისკენ მიგვაქანებენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ პატიმრობის განაჩენს გამოეხმაურა.
რაც შეეხება იმას, ელოდებიან თუ არა საქმის აღძვრას გიორგი გახარიას წინააღმდეგ, სიჭინავა აღნიშნულს არ გამორიცხავს.
„გიორგი გახარიას არავისთან დასამალი არაფერი ჰქონია. ის პირველივე სხდომაზე მივიდა და ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. მას სრულად აუხსნელი მიზეზის გამო დისტანციურად ჩართვაზე უარს ეუბნებიან. ისინი გიორგი გახარიას ქართული მიწის მშვიდობიანად დაცვაში ედავებიან. მან მშვიდობიანად შეაჩერა მცოცავი ოკუპაცია საკუთარ მიწაზე. რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს არამხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს, არამედ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ქრონიკა. დადგება ყველას პასუხისმგებლობა. ხელისუფლება უკვე შეშლილია, ისინი სახელმწიფოს საჭესთან შეშლილი სახით სხედან და უფსკრულისკენ მიგვაქანებენ. ისინი თვითონ აუცილებლად გადაიჩეხებიან და რაც ყველაზე სამწუხაროა, ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა პერიოდით იმყოფება გიორგი გახარია საზღვარგარეთ და აპირებს თუ არა ის ქვეყანაში დაბრუნებას, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ პარტიის ლიდერი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება რამდენიმე სახელმწიფოში, რომლის განრიგსაც საგამოძიებო კომისიას არ უთანხმებს და „მტკნარი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა“.
„გიორგი გახარია საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება რამდენიმე სახელმწიფოში, რომლის განრიგსაც არ ვუთანხმებთ კომისიას. კომისია შეუძლია გამოსაკითხი პირი დისტანციურად ჩართოს. ასეთი შემოთავაზება გიორგი გახარიამ პირველივე შეხვედრის დროს მიიღო. მას პასუხების გაცემაზე პრობლემა არ აქვს. სისულელეა ის, რომ გიორგი გახარია გაიქცა ქვეყნიდან და აღარ დაბრუნდება. მტკნარი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება სხვა თემებს, სიჭინავას თქმით, ქვეყანაში სიტუაცია სულ უფრო მძიმდება და „ქართული ოცნების“ რეჟიმი დიქტატურის დასამყარებლად ემზადება, რასაც ბოლო დროს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კარგად აჩვენებს.
„ქართული ოცნების“ რეჟიმი დიქტატურის დასამყარებლად ემზადება. სწორედ ამის გამოძახილია პოლიტიკური ოპონენტების განადგურება, არასამთავრობო სექტორის განადგურება, მედიის განადგურება. მათ სურთ ყველას განადგურება, ვინც ამ რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენასთან არის შეუთავსებელი. პოლიტიკური ოპონენტების ფიზიკური დაპატიმრების გარდა, ისინი იღებენ რეპრესიულ კანონმდებლობას. სასამართლო სხდომის დარბაზში უკვე იკრძალება გადაღება, რათა ნაკლებმა ადამიანმა ნახოს ის უსამართლობა, რაც დღეს ხდება. ასევე დაწესდა შეზღუდვები სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე. ასევე ე.წ. FARA, რომელიც არასამთავრობო სექტორის გასაგუდად არის შექმნილი და მედიისთვის დაწესებული რეგულაციები, რომლებიც ვითომ მედიასტანდარტების ასაწევად არის და მიზნად მედიასაშუალებების განადგურებას ისახავს. ეს ყველაფერი ივანიშვილის ძალაუფლებაში რაც შეიძლება ხანგრძლივად დარჩენას ემსახურება. დიქტატორული რეჟიმის შენების გარდა მათ სხვა იდეოლოგია არ აქვთ. მათი იდეოლოგიაა კორუფციაში ყოფნა და მეტი ფულის შოვნა. ეს არის ჩამყაყებული რეჟიმი“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება პარტნიორების მხარდაჭერას და მათი მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, სიჭინავა აცხადებს, ახლა საქართველოს დასავლეთისგან სჭირდება კონკრეტული გზავნილები და ქმედებები, რეგულაციები კი უნდა შეეხოს ყველას, ვინც ამ უსამართლობაშია ჩართული, მათ შორის რეჟიმის სპონსორ ბიზნესმენებსაც.
„არავინ ფიქრობდა, რომ „ოცნების“ რეჟიმი სუსტი მეტოქე იყო. მათ ძალაუფლების ყველა ბერკეტი ხელში უკავიათ: სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ პირობებში რთულია მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ვიტყოდი, რომ ჩვენ შეშფოთებაზე მეტი გვჭირდება ახლა პარტნიორებისგან. გვჭირდება კონკრეტული გზავნილები და ქმედებები. ქართველი ხალხი დღეს ამ მონსტრის წინააღმდეგ მარტო არის დარჩენილი და ერთადერთი თავისი გამძლეობის იმედი აქვს. დასავლეთის პოზიცია მკაფიო უნდა იყოს.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი მტკიცე პარტნიორია, მათ შორის ს ადმინისტრაციაც. ევროკავშირი არის კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის მატარებელი ორგანიზაცია. იმედი მაქვს, რომ „MEGOBARI აქტი“ კანონის სახეს მიიღებს. იმედი მაქვს, ევროკავშირი შეძლებს დაძლიოს უნგრული და სლოვაკური ვეტო ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვართ მომხრე, რომ რაიმე სანქცია ან შეზღუდვა შეეხოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით. სანქციები უნდა შეეხოს ყველას, ვინც ამ უსამართლობაშია ჩართული და რეჟიმის სპონსორ ბიზნესმენებს, რომლებსაც წვლილი არ შეაქვთ ამ ქვეყნის ეკონომიკაში. მათი ბიზნესი მხოლოდ ტენდერებში მონაწილეობა და ფულის მოპარვაა. ასეთები არიან ე.წ. ცეხავიკი ბიზნესმენები“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ბრძოლა არ უნდა შეწყდეს და ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა, მიუხედავად ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებისა, სიჭინავამ აღნიშნა, რომ მათი პარტიის პოზიციაც პირველივე დღიდან უცვლელია – ისინი ხელისუფლებას ბრძოლის არცერთ ბასტიონს არ დაუთმობენ.
„პოლიტიკოსების დაპატიმრება არ უნდა განსაზღვრავდეს ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, როგორიც არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან არის უცვლელი. ჩვენ მათ ბრძოლის არცერთ ბასტიონს არ დავუთმობთ. ყველა ბრძოლაში შევდივართ. ის, როგორც იქცევა ახლა რეჟიმი არ არის სტანდარტული ქცევა. ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება არის ის, რომ ვიყოთ ბევრი, ვიყოთ ქუჩაში“, – განაცხადა მან.