პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ფასადურად იწყებს, „თითქოსდა დეკლარაციებს ამოწმებს, რომელსაც კონკრეტული შედეგები არ ექნება“.
როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, კრიტიკას ვერ უძლებს ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მმართველმა პარტიამ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით წარმოადგინა.
„ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციების მთელი სულისკვეთება არის ის, რომ ანტიკორუფციული ბიურო იყოს ქმედითი და დამოუკიდებელი მექანიზმი, რომლის საქმიანობაში მიუკერძოებლობის ელემენტები იქნება ძალიან მაღალი და მის ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ იარსებებს. მიუხედავად ამისა, „ოცნება“ დღეს ანტიკორუფციული მიმართულებით ფასადურ ცვლილებებს გვთავაზობს, თითქოს კორუფცია ახლა აღმოაჩინეს და კორუფციასთან ბრძოლა ახლა გამოაცხადეს. რა თქმა უნდა, კრიტიკას ვერ უძლებს ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მმართველმა პარტიამ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით წარმოადგინა. ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც არ აქვს გამოძიების უფლებამოსილება, ბუნებრივია, ვერ იქნება ქმედითი ინსტრუმენტი კორუფციასთან ბრძოლაში. მეორე საკითხი არის ის, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს ერთი მხრივ, ფინანსური მონიტორინგის ფუნქცია, ხოლო მეორე მხრივ, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის უფლება, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროდან გადაეცა ანტიკორუფციულ ბიუროს. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციებშიც კი თვალხილულად ჩანს თანამდებობის პირების მხრიდან წლიდან წლამდე გამდიდრება, უძრავი ქონებების რეგისტრირება, ჩვენ არ გვინახავს საგამოძიებო ორგანოებს დაეწყოთ მინიმუმ მოკვლევა მაინც“,-განაცხადა სიჭინავამ.
მისი შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები.
„უწყების ხელმძღვანელი ინიშნება „ოცნებასთან“ და კონკრეტულ თანამდებობის პირებთან აფილიაციით, მის ასარჩევად საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ფაქტობრივად არ არის, ასეთ პირობებში, როდესაც ამ უწყებას ვანიჭებთ ასეთ უფლებამოსილებას, ეს ცალსახად შეიძლება ჩაითვალოს ანტიკონსტიტუციურად და პირდაპირი ფორმით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ჩარევად.
ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც მხოლოდ კვაზი ფუნქციებით არის წარმოდგენილი, მხოლოდ დეკლარაციების და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგს აწარმოებს, წარმოუდგენელია ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ დანიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს“, – განაცხადა სიჭინავამ.
რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაში ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება უქმდება. ბერდია სიჭინავას თქმით, ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ, მსგავსი ტიპის შეზღუდვის გაუქმება აჩენს ეჭვს, რომ ვიღაცისთვის კეთდება ეს ცვლილებები, რათა მას ბარიერი არ შეექმნას.
„ამაზე ის პოლიტიკური ძალა საუბრობს, რომელმაც 2021 წელს კობახიძე-კალაძის დაჯგუფების ორგანიზებით „კოკაინშიკობის“ ბინძური, ამორალური კამპანია წამოიწყო გიორგი გახარიას წინააღმდეგ. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და საუბრობენ, რომ ასეთი შემოწმება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ უნდა მოეთხოვებოდეთ. წარმოუდგენელ სიბინძურეებს კადრულობდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.