ბერდია სიჭინავა – ვფიქრობ, რომ გირაოს გადახდა უკეთესია – არ გვაქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკოსები ციხეში ისხდნენ და პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩნენ – თუ გირაოს გადახდა გზაა, რომ გარეთ იყო, ამაში განსაკუთრებული რა არის?

წარმოუდგენელია, რაზე დავედით, რომ „მაკრონი იქით მივიდა და მიესალმა“ – და მთელი სამთავრობო პროპაგანდა ამაზეა აწყობილი, რომ ირაკლი მ რაღაც ფორმის ლეგიტიმაცია შეიძინა – პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ერთადერთი სუვერენი ივანიშვილია და კობახიძემ რა გზავნილებიც არ უნდა ჩაიტანოს და გააჟღეროს, სერიოზულად არ აღიქმება,- ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ალბანეთში ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოს პარტნიორები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულებით არიან დაინტერესებულები და არა „კობახიძესთან გასაუბრებით“.
„რა თქმა უნდა, ასეთი საუბრები გვჭირდება, ეს აჩვენებს, რომ საქართველო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის პოლიტიკური კრიზისი, ევროპაში აწუხებთ. ეს კარგი და პოზიტიურია, რადგან თუ ჩვენ ევროპული დღის წესრიგის ნაწილი არ ვიქნებით, შესაძლოა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, ამ ე.წ. ხელისუფლებასთან. „ოცნების“ ხელისუფლება ვაკუუმშია, მას როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებად არავინ მოიხსენიებს, ამიტომ ყველა დაინტერესებულია იმით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. სწორედ ამის გამოძახილი იყო სთან კომუნიკაციაც. საუბრის შინაარსი არ ვიცით, თუმცა კობახიძეს ტყუილები სჩვევია, მისი განმარტება ცოტა არასერიოზულია, ის არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ასეთი ტიპის შეფასებები აკეთოს, რომ ვინმეს მასთან საუბარი მოსწყურდა და ფუნდამენტურად არის ვინმე დაინტერესებული კობახიძესთან გასაუბრებით. საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მიზნით, შესაძლოა, დაელაპარაკონ კობახიძეს. „ოცნება” არის ხელისუფლება, რომელიც 2021 წელს, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა და ამიტომ პარტნიორებისგან ნდობას არ იმსახურებს. პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ერთადერთი სუვერენი ივანიშვილია და კობახიძემ რა გზავნილებიც არ უნდა ჩაიტანოს და გააჟღეროს, სერიოზულად არ აღიქმება. პარტნიორებმა კარგად იციან, რომ მსგავსი ტიპის ხელისუფლებასთან ფრთხილი პოლიტიკა და საუბარი უნდა ჰქონდეთ, გზავნილების მიღება და მოსმენა ლეგიტიმაციის მიცემას არ ნიშნავს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ბერდია სიჭინავა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას და რიგი ოპოზიციონერი ლიდერის პოზიციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ არც პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა უნდა მოხდეს და არც ამის გამო, სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდა. მისი თქმით, სჯობს პოლიტიკოსებმა გირაო გადაიხადონ და პოლიტიკური პროცესების მიღმა არ დარჩნენ.
„ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური გზა გვაქვს, ჩვენ მივიჩნიეთ სწორად, რომ მივსულიყავით და ველზე შევსულიყავით, გველაპარაკა იმ ადამიანებთან, რომლებიც კომისიას უყურებენ და „ოცნების“ მხარდამჭერები არიან. ეს იყო ჩვენი გააზრებული ამოცანა. გირაოს გადახდა ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ვფიქრობ, რომ გირაოს გადახდა უკეთესია, რადგან არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკოსები 1-წლიანი მუხლით ციხეში ისხდნენ და პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩნენ. „ოცნებას“ კი პოლიტიკური ლიდერები მარგინალიზებული, არათანმიმდევრული, რადიკალური, დაქსაქსული აწყობს. მე არცერთ პოლიტიკურ პატიმარს ციხეში არ ვისურვებდი. თუ გირაოს გადახდა არის გზა, რომ ადამიანი გარეთ იყოს, ამაში განსაკუთრებული რა არის?“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
გარდა ამისა, ბერდია სიჭინავამ უპასუხა კითხვას ოპოზიციური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მონაწილეობით პაატა ბურჭულაძესთან მიმდინარე კონსულტაციების და მათი იდეის შესახებ, რომ თვითმმართველობის ს პარალელურად, სატელეფონო სისტემის საშუალებით ჩატარდეს მოქალაქეების გამოკითხვა, სადაც ამომრჩევლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შეეძლებათ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრირებულ არჩევნებს არ ენდობიან და ბოიკოტს უცხადებენ.
„ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ, ამიტომ სატელეფონო არჩევნებით რაღაც რომ ფუნდამენტურად შეიცვლება… გახსოვთ მილიონი ხელმოწერის შეგროვება 2023 წელს, სადაც 60 ათასი შეგროვდა, არ შეიძლება ასე. მე არ ვაკრიტიკებ ამ იდეას, შეიძლება კარგიც გამოვიდეს, მაგრამ თუ ეს ოპოზიციური პარტიების ალტერნატიული გზაა, მაშინ გვითხრან. ამ საკითხზე არც გვიფიქრია და ბუნებრივია, არც ვმონაწილეობთ და ცოტა სკეპტიკურად ვუყურებთ, თუმცა, თუ გამოუვათ, კი ბატონო“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.