ბერდია სიჭინავა – დღეს კორუფცია პოლიტიკად არის ქცეული, კონკრეტული ადამიანები კორუფციისთვის იბრძვიან – ეს სამწუხარო მოცემულობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ

დღეს კორუფცია პოლიტიკად არის ქცეული, ჩვენ კორუფციას ვებრძოდით და ეს ადამიანები კორუფციისთვის იბრძვიან, სამწუხარო მოცემულობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ეკონომიკური ზრდაა, თუმცა ამის შედეგად მხოლოდ 25 ოჯახი მდიდრდება. ბერდია სიჭინავა მიიჩნევს, რომ ამ ფონზე გენერალური პროკურატურა არის ერთადერთი უწყება, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს როგორც გამოძიების, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქცია და კორუფციასთან ბრძოლის ქმედითი მექანიზმები და სწორედ მან უნდა დაასახელოს ის ადამიანები, რომლებიც „ხალხის ჯიბეში ხელს ყოფენ“.
„გენერალური პროკურატურა არის ერთადერთი უწყება, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს როგორც გამოძიების, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქცია და კორუფციასთან ბრძოლის ქმედითი მექანიზმები. შესაბამისად, დღეს რატომღაც ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს სიტუაცია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციის ის ნაწილი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას ეხებოდა, რაღაც კვაზი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნით „დააპლუსა“, რომელსაც არც გამოძიების ფუნქცია არ აქვს და რომლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. იმ ფონზე, როდესაც ის დანიშნულია კორუფციისთვის ერთხელ უკვე სამსახურიდან გათავისუფლებული პრემიერ-მინისტრის მიერ, სურს წარმოაჩინოს ქმედით უწყებად, რომელიც კორუფციას ებრძვის.
ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ კორუფცია ამ ქვეყნის სერიოზული გამოწვევაა, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის განვითარებას. კორუფცია, ფაქტობრივად, არის ამ ქვეყნის ღალატი, იმ ფონზე, როდესაც გარდამავალი დემოკრატია ვართ და ახლა ვაშენებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩვენ არაერთი განცხადებით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მათ შორის უკანონო დეველოპერულ მშენებლობებთან დაკავშირებით და მათ შორის საკრებულოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მათ შორის სახელისუფლებო წევრების კონკრეტულ ბიზნეს ინტერესებს. იგივე „ლაგუნა ვერეს“ კონკრეტული „ქეისი“, რომელიც თბილისელებმა ძალიან კარგად იციან, გასულ კვირას ასევე მივმართეთ გენერალურ პროკურატურას „ჯორჯიან მანგაზსთან“ დაკავშირებით, სადაც უკვე მეშვიდე წელია სპეციალური მმართველი მოღვაწეობს, რომელსაც უნდა გამოესწორებინა იქ არსებული სავალალო ვითარება და ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ გააგრძელეს სპეციალურ რეჟიმში ამ კომპანიის მართვა, რაც დამატებით კორუფციულ რისკებს ზრდის. ჩვენ კონკრეტული რეაგირებები არ დაგვინახავს. ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამის ფონზე რეალურად 25 ოჯახი მდიდრდება ქვეყანაში და ვერ ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს იგივე სოციალურად მოწყვლადი ფენის სიტუაციის გაუმჯობესების მიმართულებით“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს განცდის შექმნა სურს, რომ კორუფციას ებრძვის, რეალურად კი კორუფციასთან ბრძოლის ხელშესახები შედეგები არ იქნება.
„არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ხალხის ჯიბეში ხელის ჩამყოფებს, რომლებიც კლანურად მართავენ ამ ქვეყანას, ვინმე პასუხისგებაში მისცემს, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს. ს ნება რომ ყოფილიყო, ნამდვილად იქნებოდა რეაგირება 2-3 წლის განმავლობაში უზარმაზარ კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით. ნურავინ ნუ გვატყუებს, რომ ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით კორუფცია დამარცხდება ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“