თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლო გიორგი გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების დაუსწრებლად შეფარდებაზე იმსჯელებს.
როგორც პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, „კლოუნადა მიმდინარეობს“.
„ეს არის ყვარყვარე თუთაბერის მიერ შექმნილი სამართლებრივი სისტემა, სადაც ყველას უშვებენ ციხეში, ყველას პოლიტიკურად დასჯას ცდილობენ. გახარია არის ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტის ობიექტი, რომელიც მას დაანონსებული ჰქონდა 26 ოქტომბრამდე მისივე მიცემულ ინტერვიუში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური საქმიანობა, რომლის შესაზღუდადაც კეთდება ეს ყველაფერი, მის პოლიტიკურად გასანეიტრალებლად, ვერ იქნება მიღწეული…
რაც შეეხება ბრალის დამძიმების საკითხს, ყველანაირი მოლოდინი არსებობს. აქედან შესაძლოა გამოვიდეთ და აჭარის პროკურატურაში დაგვიბარონ, დიტო სამხარაძეზე თავდასხმის საქმეზეც ბრალი წარუდგინონ. ეს არის კლოუნადა: “მართლმსაჯულება ივანიშვილის სახელით”. გიორგი გახარია ბრალს არ აღიარებს. ამას სამართლებრივ პროცესთან კავშირი არ აქვს. არ არსებობს ფაქტობრივი სამართლებრივი საფუძვლები და მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს მის ბრალეულობას.
თუ სურს სასამართლოს გიორგი გახარიას დისტანციურად მოუსმინოს, რატომაც არა. რა თქმა უნდა [სურს მონაწილეობის მიღება] თუ მისცემს სასამართლო შესაძლებლობას, დისტანციურად ჩაერთვება. გახარიას მიმართ ახლა მიმდინარეობს დევნა. ივანიშვილის იურისდიქციაში გახარია თავს არ მოიხვედრებს“,- აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
მისი თქმით, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს, კერძოდ პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.
როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




