არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება – ბოიკოტისტებს არ აქვთ ხედვა. განსხვავებული აზრი გექნება? – მოვლენ, მოღალატეს, კოლაბორაციონისტს, „ოცნებასთან“ შეკრულს დაგიძახებენ, მაგრამ რომ ჰკითხო, გამარჯვების გზა რა არის, ვერ გიპასუხებს ვერცერთი, – ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა გიორგი ვაშაძის წერილს, სადაც ის ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს და ამასთან, მისი შეფასებით, თუ „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ უარს იტყვიან ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, შეიძლება მათი შემოერთება ამ გაერთიანებაში.
როგორც ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, „ბოიკოტისტები“ არჩევნებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, ამ ქვეყანაში კლავენ.
„არ განგვიხილავს [ვაშაძის წერილი], მაგრამ შემიძლია აქვე ვუპასუხო, გადახედვას არ ექვემდებარება ჩვენი პოზიცია არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. დანარჩენმა რვა პარტიამ თავისი გეგმა განახორციელონ. რაც შეეხება ერთობას, ერთობა სწორი იქნებოდა საერთო ნეიტრალური კანდიდატის გარშემო გაერთიანების სახით, არჩევნებში მონაწილეობის სახით და ერთობა თუ უნდოდათ, აგერ იყო ერთობა, მნიშვნელოვანი საბრძოლო კერა, თბილისი და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქები და აქ შეეძლოთ ამ ადამიანებს ერთობა. ერთობა იქით არსებობს და ჭეშმარიტება აუცილებლად იქით არის? აქეთ ჭეშმარიტება არ არსებობს და აუცილებლად იქით უნდა იყოს ერთობა? ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი გზა არის სწორი, პრაგმატული და რაციონალური. არ არის მათი გზა ის გზა, რომელსაც მივყავართ ტაძრამდე. ბოიკოტისტებმა პირველ რიგში თავიანთი გეგმა უნდა დადონ. ბოიკოტისტები არჩევნებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, ამ ქვეყანაში კლავენ. როცა არჩევნებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, კვლავ, ე.ი. სხვა გზა გაქვს და უნდა გვითხრა.
გეგმა მითხარი, კალენდარი მითხარი, რის მერე რა ხდება? 31 აგვისტოს რა ხდება, სექტემბერში რა ხდება? ჯერ კონკრეტული ხედვა უნდა დავინახო, რა ერთობა? ერთობა ერთობისთვის ხომ არ არსებობს. ასე აგროვებდა ვაშაძე მილიონ ხელმოწერასაც, მაგრამ 30 000 ვერ შეაგროვა. არ შეიძლება ასე. არ არსებობს ხედვა, ბოიკოტისტებს არ აქვთ ხედვა. მათ აქვთ ერთადერთი ხედვა, განსხვავებული აზრი გექნება? მოვლენ, მოღალატეს დაგიძახებენ, კოლაბორაციონისტს, „ოცნებასთან“ შეკრულს დაგიძახებენ, მაგრამ რომ კითხო, შენი გზა რა არის, გამარჯვების გზა რა არის, ვერ გიპასუხებს ვერცერთი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას თქმით, ბოიკოტის მომხრე პარტიების ამომრჩეველთა ნაწილი მათ გზას სერიოზულად არ უყურებს და ამის დასტურია საპროტესტო აქციებზე გამომსვლელთა შემცირებული რაოდენობა.
„მარტივ შეკითხვას ვსვამთ, კი ბატონო, არჩევნებს კლავთ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, მათ შორის „ოცნებასთან“ ერთად, მაგრამ რა არის თქვენი გზა? რევოლუციაა თქვენი გზა? ჩვენი გზა რევოლუცია არ არის იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, რა პროცესები მოჰყვება ხოლმე რევოლუციას ქვეყანაში და როგორ ხდება ხოლმე რევოლუცია თავის ტკივილი. თქვენ ხომ ამბობთ, რომ დაახლოებით 400 ათასმა ადამიანმა დაუჭირა თქვენ პოლიტიკურ ძალებს მხარი, გამოიყვანეთ ეს ადამიანები, 400 ათასი კაცი გინახავთ ბოლოს ქუჩაში? რუსული კანონის დროს მინახავს, მაგრამ ახლა გინახავთ? რატომ არ გამოდიან? იმიტომ, რომ მათი ამომრჩევლის ნაწილიც არ უყურებს ამ გზას სერიოზულად“, – განაცხადია სიჭინავამ.
