ბერდია სიჭინავა – არავის მოწოდება არ გვჭირდება, საკუთარ პარტიებს, მანდატებს და სიებს მიხედონ, გახარიას პარტიას თავისი გზა აქვს – რთულ გზას გავდივართ, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი გაზაფხულამდე გასტანს

არავის მოწოდება არ გვჭირდება, საკუთარ პარტიებს, საკუთარ მანდატებს და სიებს მიხედონ. გახარიას პარტიას თავისი გზა აქვს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არავის აკრიტიკებს სიების ჩახსნასა თუ მანდატების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო და იმავეს მოითხოვს მათგანაც.
„სიების ჩახსნაზე მოჟივილ-ხივილე ოპოზიციას მინდა, ვუთხრა, ეს არ არის გზა. როდესაც პასუხისმგებლობას გაურბიხარ, ძალიან მარტივია დღე დაასრულო იმით, თითქოს მანდატებს ხსნი. მახსოვს ეს ფილმი, როდესაც 2020 წელს ამ ადამიანებმა არაერთი განცხადებით მიმართეს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ადამიანები არ იყვნენ მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები? არ ეძახდნენ პუფებს ერთმანეთს, არ შევიდნენ მაგ პარლამენტში და არ მისცეს პარლამენტს ლეგიტიმაცია? ჩვენ როდესაც რამეს ვამბობთ, ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, ჩვენი სიტყვა საქმით დაგვიმტკიცებია, ამიტომ არ გვჭირდება არავისი მოწოდება, საკუთარ პარტიებს მიხედონ, საკუთარ მანდატებს და სიებს მიხედონ. გახარიას პარტიას თავისი გზა აქვს, საკუთარი პასუხისმგებლობები აქვს ამომრჩევლის და ამ ქვეყნის წინაშე.
ამ ადამიანებთან გვაკავშირებს ორად ორი რამ: ერთი, რომ მოქალაქეებს დავუბრუნოთ მოპარული არჩევანი და მეორე, ქვეყნის ევროპული მომავალი იყოს უზრუნველყოფილი, სხვა ამ ადამიანებთან საერთო არაფერი არ გვაქვს. ჩვენ არ ვაკრიტიკებთ მათ არჩეულ გზას, უნდათ ჩახსნან სია, უნდათ გამოხსნან, უნდათ პუფი დადგან და თუ უნდათ მანდატი შეიწყვიტონ, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი „გვიან გაზაფხულამდე გასტანს“.
„მაშინ, როცა შინაარსზე არ შეგიძლია საუბარი, არ შეგიძლია კონკრეტული გეგმა შევთავაზო ადამიანებს, როცა მარცხის ავტორი ხარ, ბუნებრივია გჭირდება რაღაც თემის შექმნა, თითქოს მანდატებზე ამბობ უარს და ამით პასუხისმგებლობას გაურბიხარ. ეს არ არის გზა, რომელიც მიგვიყვანს ტაძრამდე. ჩვენ ტაძრამდე უნდა მიგვიყვანოს ჩვენმა ნებისყოფამ. რთულ გზას გავდივართ ჩვენ, არ იქნება ეს გზა მარტივი. არც 25 ნოემბერს მორჩება ეს ყველაფერი და არც 31 დეკემბერს დასრულდება. ეს პოლიტიკური კრიზისი გვიან გაზაფხულამდე გასტანს. მნიშვნელობა აქვს ჩვენს მტკიცე ნებისყოფას, თანმიმდევრულ ნაბიჯებს, პარლამენტის არაღიარებას, საერთაშორისო არაღიარებას, გამოძიებას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.