ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი უკვე და ყველა დაპატიმრებული არის რუსეთის ტყვე, ისინი იმიტომ დააპატიმრეს, რომ რუსეთი არ უნდათ, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრმა ბეჟან ჯავახიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
ჯავახიას თქმით, “ქართული ოცნების” ყველა ქმედებაში ჩანს, რომ ეს არის რუსული რეჟიმი.
“დღეს აღლუმის რაღაც ნაწილი ვნახე, რომელიც არ ჩატარებულა ამ 12 წლის განმავლობაში საერთოდ. ძალიან სუსტი იყო, ძალას არ აღაფრთოვანებდა, პირიქით. თვითონ პრეზიდენტიც, რაღაც კარიკატურა გახდა. დიპლომს არ აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც მეტყველებას, როგორ შეუძლია ილაპარაკოს, წარმოდგენები ჰქონდეთ პრეზიდენტზე, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა. მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა ყველაფრის დისკრედიტაცია – როცა უნდა, პარტიები მოხსნას, თვითონ შექმნას ოპოზიციური პარტია, თუ სჭირდება, თვითონ გააუქმოს პარტიები.
ის, რასაც ახლა თეა წულუკიანი აკეთებს, ასეთი ფორმა არცერთ “ტროიკას” არ გაუკეთებია. ჯერ ერთი, ოპოზიციამ უნდა გააკეთოს ეს კომისია, არ არის ოპოზიცია, არც ეს ხალხია ოპოზიცია. მეორე, გამოძიება უნდა ეწარმოებინა წინასწარ ამ საქმეებზე, რომლებზეც იქ მოჰყავს ახლა მოწმეები. მათ ხელში ხომ იყო საგამოძიებო ორგანოები, არ უწარმოებია.
ის სამხედროები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ყველა გაქრა, მოკლეს… მებრძოლთა სია რუსებს გადასცეს, ვინ სად იბრძოდა. აბსოლუტურად ღიად ჩანს, რომ ეს არის რუსული რეჟიმი. ამერიკელებს და ევროპელებს საზღვარზე არ უშვებენ და რუსებს უშვებენ. შემთხვევით არც გავრილოვი მოხვედრილა იმ სკამზე.
ჩვენ ახლა ისეთ იმიჯს ვქმნით, რომ ეს ხელისუფლება არ არის დემოკრატიული და ეს პატიმრები დემოკრატიის გამო არიან დაკავებულები. მე ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი უკვე და ყველა დაპატიმრებული არის რუსეთის ტყვე, ისინი იმიტომ დააპატიმრეს, რომ რუსეთი არ უნდათ”, – განაცხადა ბეჟან ჯავახიამ.
