ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ირანის ისლამურმა რეჟიმმა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის ბირთვული პროგრამისთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნია და მის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე მუშაობდა. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ Fox News-ის გადაცემა Special Report-ში ბრეტ ბაიერთან ინტერვიუში განაცხადა. ეს პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანზე მასშტაბური შეტევა წამოიწყო.
„ისინი ცდილობენ მის მოკვლას. ტრამპი მათთვის ნომერ პირველი მტერია. ის გადამწყვეტი ლიდერია. არასდროს გაუვლია იმ გზით, როგორსაც სხვები ირჩევდნენ — არ ცდილობდა სუსტი გარიგებების გზით მოლაპარაკებას, რაც რეალურად ირანს ურანის გამდიდრებისკენ გზას უხსნიდა და საბოლოოდ ბირთვული ბომბის შექმნის საშუალებას აძლევდა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ტრამპმა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უარყო ირანთან დადებული შეთანხმება და გააუქმა ის.
„მან მკაფიოდ და არაერთხელ თქვა, მათ შორის ახლა – თქვენ არ შეგიძლიათ გქონდეთ ბირთვული იარაღი, რაც ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ გაამდიდროთ ურანი. ის ძალიან მტკიცედ მოქმედებდა, ამიტომ მათთვის ტრამპი ნომერ პირველი მტერია,“ – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანს მისი მკვლელობის მცდელობაც ჰქონდა.
„ჩემი საძინებლის ფანჯარას რაკეტა ესროლეს, მაგრამ ააცილეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.