ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერთიანებული სამეფოს მიერ ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეზღუდვას სამარცხვინო გადაწყვეტილებად აფასებს.
„ჰამასის“ მიერ ექვსი ისრაელელი მძევლის სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელს იარაღის ექსპორტის 30 ლიცენზია შეუჩერა. ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ისრაელის სიმტკიცეს, დაამარცხოს „ჰამასი“, გენოციდური ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც 7 ოქტომბერს სასტიკად მოკლა 1200 ადამიანი, მათ შორის ბრიტანეთის 14 მოქალაქე“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
მისი თქმით, „ჰამასს“ ჯერ კიდევ 100-ზე მეტი მძევალი ჰყავს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის 5 მოქალაქე.
„იმის ნაცვლად, რომ გვერდში დაუდგეს ისრაელს, მეგობარ დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც თავს იცავს ბარბაროსობისგან, ბრიტანეთის არასწორი გადაწყვეტილება მხოლოდ წაახალისებს „ჰამასს“. ისრაელი აწარმოებს სამართლიან ომს სამართლიანი საშუალებებით, ღებულობს უპრეცედენტო ზომებს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
მისი თქმით, ბრიტანული იარაღით, თუ მის გარეშე, ისრაელი გაიმარჯვებს ამ ომში და დაიცავს ჩვენს საერთო მომავალს.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის ნებართვების ნაწილი შეჩერდება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება იარაღის ექსპორტის 350 ლიცენზიიდან 30-ის შეჩერების შესახებ არ წარმოადგენს აბსოლუტურ აკრძალვას ან იარაღის ემბარგოს, არამედ ეხება მხოლოდ ისეთ იარაღს, რომლებიც, შესაძლოა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში მიმდინარე ომში საერთაშორისო სამართლის დარღვევით გამოიყენონ.