ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ავსტრალიელ კოლეგას, ენტონი ალბანეზეს ისრაელის ღალატსა და ავსტრალიის ებრაული თემის მიტოვებაში ადანაშაულებს.
ნეთანიაჰუს მტკიცებით, ისტორია ენტონი ალბანეზეს „სუსტ პოლიტიკოსად დაიმახსოვრებს“.
ცნობისთვის, ორშაბათს, ავსტრალიამ ნეთანიაჰუს მმართველი კოალიციის ულტრამემარჯვენე წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, ისრაელმა კი, თავის მხრივ, პალესტინის ხელისუფლებაში ავსტრალიის წარმომადგენლებს ვიზები გაუუქმა.
ავსტრალიის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში, ტონი ბურკმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს კრიტიკა გამოიწვია კანბერას მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულმა განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებას გეგმავენ.
„ძალა არ იზომება იმით, თუ რამდენი ადამიანის აფეთქება, ან რამდენის მშიერი დატოვება შეგიძლია“, – განუცხადა ბურკმა ავსტრალიურ მედიას.
რაც შეეხება ავსტრალიის პრემიერს, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ამ საკითხებს პირად საკითხებად არ აღიქვამს“.
„მე სხვა ქვეყნების ლიდერებს პატივისცემით ვეპყრობი, მათთან დიპლომატიური გზით ვთანამშრომლობ“, – აღნიშნა ენტონი ალბანეზემ.
