ბენზინის 8 თეთრით გაძვირება ლარის კურსის გაუფასურებამ გამოიწვია

საქართველოში ბენზინი გაძვირდა. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ერთი ლიტრი საწვავი 8 თეთრით მეტი ღირს. რამ განაპირობა ბაზარზე ფასის ცვლილება? კითხვით ,,კომერსანტმა” საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს მიმართა. ვახტანგ იობაშვილი განმარტავს, რომ მიზეზი გაუფასურებული ლარია. ბენზინის გაძვირება ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ვარდნამ გამოიწვია. კიდევ ერთი მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ბენზინის გაძვირებაა.
,,ლარი გაუფასურდა. იცით კარგად. ძალიან არ გვინდა საზოგადოებას მტკივნეულ თემაზე ფეხი დავაბიჯოთ, მაგრამ ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ შეიცვალა დოლარისა და ლარის ურთიერთობა. ეს ყოველთვის ასახვას პოვებს შიდა ბაზარზე, არსებული პრობლემებიდან გამომდინარე. საერთაშორისო ბაზრებზეც არის უკვე ცვალებადობა. 64 დოლარით არის საერთაშორისო პლაცი გაზრდილი ბენზინზე. 60 დოლარით არის გაზრდილი დიზელზე. ამას დაემთხვა კიდევ დოლარისა და ლარის ურთიერთობა. დაახლოებით 8 თეთრით არის მომატებული ბრენდირებულ კომპანიებში და ვნახოთ, როგორ აისახება არა ბრენდირებულებში და პატარა კომპანიებში. პატარა კომპანიას ვერ შემოაქვს იმ რაოდენობით საწვავი, ზოგჯერ საერთოდ ვერ შემოაქვს და ყიდულობს ადგილზე. აქედან გამომდინარე, ფასთა სხვაობა შიგა მოვლენების გამო პირველი რიგში ლარისა და დოლარის ურთიერთობიდან გამომდინარე არ შეიძლება არ აისახოს.”- აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საქართველოში ბენზინი დღეს დან და აზერბაიჯანიდან არ შემოდის, რაც საწვავზე ფასის გაზრდის კიდევ ერთი მიზეზია. ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ რუსეთიდან ბენზინის მოწოდება 1 იანვარს უნდა განახლებულიყო, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა. საქართველოსთვის მთავარი მომწოდებლები ბულგარეთი, რუმინეთი და ბელარუსი არიან.
,,მე არ მეგულება ისეთი წინასწარმეტყველი, რომ წინდაწინ განსაზღვროს რა იქნება რამდენიმე დღის შემდეგ. შეიძლება ქვევით წამოვიდეს ფასი, არავინ არ იცის ეს. ამიტომ მოვლენების წინ გასწრება არ იქნება კარგი. რუსეთის განცხადება გახსოვთ ხომ, რომ 1 იანვრიდან უნდა გახსნილიყო რუსეთიდან ბენზინის იმპორტი, მაგრამ ჯერ ვართ მოლოდინში. როცა გაიხსნება რუსული მოწოდება ბენზინზე, როცა გაიხსნება აზერბაიჯანის მოწოდება ბენზინზე, ორივე ქვეყანა დღესდღეობით გვაძლევს დიზელის იმპორტს. ბენზინის იმპორტი ხდება ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ბელარუსიიდან. ამ ქვეყნებიდან, რადგან მათ აქვთ 93 ანუ რეგულარის ტიპის საწვავი. ევროპულ დიდ ქვეყნებში არ ხმარობენ 93 ტიპის საწვავს. მათ ყველაზე დაბალი ოქტანობის საწვავი აქვთ 95 ტიპის საწვავი.”- აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.