ბათუმის შემოსასვლელში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებულ ბენზეს ხიდს გააფართოებენ. სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 210 ათასი ლარია.
ბენზეს ხიდის რეკონსტრუქციაში 2 წლის წინ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა თუმცა საცობის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, ხიდის სავალი ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს, რის გამოც ხიდს „ძაბრიხიდიც“ კი დაარქვეს.
ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს თან ახლავს პროექტი, სადაც აღნიშნულია, რომ რეაბილიტაციამდე ხიდის სიფართე [ორივე სავალი ნაწილი ჯამში] იყო 10,40 მეტრი, რეაბილიტაციის შემდეგ დაავიწროვეს და გახადეს 8 მეტრი, ამჯერად კი, ორივე სავალი ნაწილი უნდა გააფართოონ და იქნება ჯამში 10 მეტრი.
ხიდის რეკონსტრუქციის პროექტიდან:
- „რეაბილიტაციამდე არსებული ხიდის გაბარიტი შეადგენდა Г=10,40+2X1,25 მ-ს, ხოლო რეაბილიტაციის შემდგომ ხიდის გაბარიტი გახდა Г=8+2х2,0 მ.
- უნდა აღინიშნოს, რომ ხიდის გაბარიტი რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით მოყვანილია ქვეყანაში მოქმედ საპროექტო ნორმებთან შესაბამისობაში, თუმცა არ მოხდა არსებული მისასვლელი გზების კონფიგურაციისა და სიგანის გათვალისწინება რომელთა სიგანეც ხიდის მისასვლელებთან შეადგენს 12-14 მეტრს, ხოლო ხიდის სავალი ნაწილის სრული სიგანე უსაფრთხოების ზოლების გათვალისწინებით შეადგენს 10 მეტრს.
- გზის აღნიშნული უეცარი შევიწროება მძღოლებში იწვევს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და ხიდთან მიახლოებისას სამოძრაო სიჩქარე მკვეთრად ეცემა, რაც თავის მხრივ იწვევს ქ. ბათუმში ისედაც გადატვირთული მოძრაობის კიდევ უფრო შენელებას.
- ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა ხიდის სავალი ნაწილის გაზრდა თავდაპირველ სიგანეზე.
- პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ხიდის სავალი ნაწილის გაზრდა 10 მეტრამდე, რის შემდეგაც ხიდის გაბარიტი გახდება Г=10+2х1,5 მ.“
ამავე პროექტის მიხედვით, „გათვალისწინებულია არსებული მოაჯირებისა და განათების ბოძების დემონტაჟი და დასაწყობება ადგილზე შემდგომი გამოყენებისათვის.
არსებული თვალამრიდებისა და პარაპეტების დაშლა, სავალი ნაწილის დაშლა თვალამრიდიდან 0,5 მეტრის სიგანეზე რკ.ბეტონის ფილამდე. პროექტი ითვალისწინებს ახალი ანაკრები ტროტუარის ბლოკების მოწყობას რკ.ბეტონის ფილაში ჩაანკერებით.
ხიდზე მოაჯირებისა და განათების ბოძების მოწყობა გათვალისწინებულია არსებული დემონტირებული ნაკეთობებისაგან, რომლებიც უნდა გაიწმინდოს ქვიშაჭავლური მეთოდით და დაიფაროს ორი ფენა მაღალხარისხოვანი ანტიკოროზიული საღებავით.“
ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 31 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება.
პირობის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე. საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
ქალაქის ბიუჯეტში „მდ. ყოროლისწყლის ხიდის რეკონსტრუქცია“ რამდენიმე დღის წინ, 2024 წლის 9 აგვისტოს შეიტანეს.