ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სასამართლომ გერმანიის მოქალაქეს, რიკო კრიგერს სიკვდილო განაჩენი გამოატანა და, რომ მის ბედთან დაკავშირებით გერმანელ დიპლომატებთან კონსულტაციები იმართება.
30 წლის რიკო კრიგერი ტერორიზმსა და მეომრად დაქირავებაში იყო ბრალდებული. მინსკის სასამართლოს მიერ მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შესახებ ინფორმაცია ბელორუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ვიასნამ“ გაავრცელა 19 ივლისს.
„ვიასნას“ ცნობით, კრიგერი პატიმრობაში 2023 წლის ნოემბრიდან იმყოფება. ბელორუსის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი გამოცემები „ზერკალო“ და „ნაშა ნივა“ იტყობინებიან, რომ კრიგერი ერთი თვის წინ, 21 ივნისს გაასამართლეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა ინფორმაცია სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შესახებ, თუმცა უწყებას მსჯავრდადებულის სახელი არ დაუსახელებია, ითქვა მხოლოდ ის, რომ „ბერლინი მჭიდრო კავშირშია მინსკის ხელისუფლებასთან მის ბედთან დაკავშირებით”.
20 ივლისს ბელორუსის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო BELTA-მ გამოაქვეყნა ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ანატოლი გლაზის კომენტარი:
„დამნაშავე გერმანიის მოქალაქეა და ჩვენ გვესმის გერმანული მხარის შეშფოთება მისი ბედის გამო“.
„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნის გათვალისწინებით, ბელორუსული მხარის მიერ შეთავაზებული იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტებთან დაკავშირებით“, – დასძინა გლაზმა, რომლის თქმითაც, გერმანელ დიპლომატებს მსჯავრდადებულთან შეხვედრის უფლება მიეცათ.
გერმანიის მოქალაქისთვის განაჩენის გამოტანის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ბელორუსის ხელისუფლებას არ უხსენებია, რომ განაჩენი სიკვდილით დასჯაა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.
“ვიასნა” ვარაუდობს, რომ კრიგერის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება შეიძლება დაკავშირებული იყოს მის სავარაუდო გაწევრიანებასთან კასტუს კალინოვსკის პოლკში – ბელორუსიის მოქალაქეების დაჯგუფებაში, რომლის წევრებიც ნებაყოფლობით იბრძვიან უკრაინაში კიევის მხარეს.
ბელორუსი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯის განაჩენის (დახვრეტის) არა მხოლოდ გამოტანა, არამედ აღსრულება ხდება, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქის სიკვდილით დასჯა იშვიათი შემთხვევაა ბელორუსის სასამართლო პრაქტიკისთვისაც კი.
· 2023 წლის თებერვალში ბელორუსის პარლამენტმა, რომელიც შედგებოდა ავტორიტარი ლიდერის, ლუკაშენკას ერთგული დეპუტატებისაგან, ეს სასჯელი სახელმწიფო ღალატის მუხლით გააფართოვა.
· სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ მსოფლიო კოალიციის მონაცემებით, 2023 წლის მაისის მდგომარეობით, ბელორუსიაში სიკვდილმისჯილი ოთხი ადამიანი იყო.
· ბელორუსიაში სიკვდილით დასჯის აღსრულების ბოლო ცნობილი შემთხვევა 2022 წელს დაფიქსირდა; 2020 და 2021 წლებში არავინ დასჯილა.