შაბათს, 12 აპრილს, ბელგრადში გაიმართა პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მხარდამჭერი მასობრივი აქცია, რომელსაც წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები ხელისუფლების წინააღმდეგ.
სერბეთში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც გასული წლის ნოემბერში, ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურთან ბეტონის საფარის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
უბედური შემთხვევის შემდეგ დაწყებული სტუდენტური აქციები გადაიზარდა უფრო ფართო მოძრაობაში, რომელიც აკრიტიკებს ვუჩიჩის პირობებში კანონის უზენაესობის სისუსტეს და სისტემურ კორუფციას. საპროტესტო აქციებს სერბეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოჰყვა, თუმცა, საპარლამენტო არჩევნები ჯერ არ დანიშნულა.
ალექსანდრ ვუჩიჩი ერთი მხრივ, აცხადებს, რომ უსმენს საპროტესტო აქციების მონაწილეების გზავნილებს, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ მათ უკან „უცხოური ძალები“ დგანან, რომლებსაც სერბეთში „მაიდნის“ მოწყობა სურთ.
12 აპრილს, პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, ვუჩიჩმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მომხრეებთან ერთად, ქუჩებში ჩამოატარეს სერბეთის 200-მეტრიანი დროშა, რომელსაც პრეზიდენტმა სერბეთის ისტორიაში „ყველაზე გრძელი დროშა“ უწოდა.
მიტინგზე, რომლის მთავარი გზავნილიც იყო „სერბეთის დასაცავად“, AFP-ის ცნობით ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის, ბევრს ეცვა ეროვნული სამოსი. პარლამენტის წინ მოეწყო სცენა, ხოლო აქციის მონაწილეებს სთავაზობდნენ უფასო საკვებსა და ალკოჰოლურ სასმელს.
სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა ახალი პოლიტიკური მოძრაობის „ხალხისა და სახელმწიფოსთვის“ შექმნის შესახებ, რომელმაც მისი სიტყვებით, უნდა გააერთიანოს მოქალაქეები. მიტინგის შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელიც ფოიერვერკით დასრულდა.
სერბეთში გამართულ აქციაში მონაწილეობა მიიღო ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში არსებული წარმონაქმნის, რესპუბლიკა სპრსკას მეთაურმა, კონსტიტუციური წყობის ხელყოფაში ბრალდებულმა მილორად დოდიკმა: „ჩვენ ვართ ერთიანი სერბეთის ხალხის ნაწილი და გვინდა, რომ ერთიანმა და ძლევამოსილმა სერბეთმა გადალახოს მის წინ არსებული ყველა პრობლემა“, – განაცხადა დოდიკმა.
12 აპრილსვე, ქალაქ ნოვი პაზარში გაიმართა მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაცია.
ფორუმი
