რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს, სავაჭრო ცენტრი რაკეტებით დაიბომბა. „მედუზას“ ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ტელეგრამ-არხი „112“ წერს, რომ დაიღუპა ოთხი ადამიანი, შვიდი კი დაშავდა. „მეში“ კი იუწყება, რომ დაიღუპა ექვსი და დაშავდა ათი ადამიანი.
რუსული მედიის ცნობით, სავაჭრო ცენტრი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელგოროდის დაბომბვაში უკრაინა დაადანაშაულა. მოსკოვის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 „ვამპირი“ გამოიყენეს. რუსეთი აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 14 რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.