ბელგიის სამეფო ოჯახის დაცვა წელიწადში 21 მილიონი ევრო ჯდება

დაახლოებით 21 მილიონი ევრო – ეს არის ბიუჯეტი, რომელიც 2024 წელს ბელგიის სამეფო ოჯახის დაცვისთვის გამოიყო. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კენტენმა ფედერალური დეპუტატის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას გააჟღერა.
პოლიციის რეფორმის შემდეგ, სამეფო ოჯახის დაცვა ფედერალურ პოლიციას დაეკისრა. მანამდე ამ ფუნქციას ჟანდარმერია ასრულებდა. „მეფე და მისი ოჯახი განასახიერებენ სახელმწიფოს, შესაბამისად – წარმოადგენენ სიმბოლოს, რომელიც დაცვას საჭიროებს“, – განმარტავს ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი, ვინსენტ დიუჟარდინი.
რაში იხარჯება ეს 21 მილიონი ევრო? რა არის იმ პოლიციელების მოვალეობები, რომლებიც სამეფო ოჯახს იცავენ? „ეს გულისხმობს არა მხოლოდ ოჯახის წევრების დაცვას მათი პირადი მოგზაურობების დროს, არამედ ასევე შეეხება სახელმწიფო და ოფიციალურ ვიზიტებს, უცხოელი ლიდერების მიღებას და ყველა წარმომადგენლობით ამოცანას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურმა უნდა შეასრულოს“, – განაგრძობს ვინსენტ დიუჟარდინი.
სამეფო ოჯახის დაცვას კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში, საერთო ჯამში, დაახლოებით 200 ფედერალური პოლიციელი უზრუნველყოფს. თუმცა, ზოგიერთი მისია მეტ რესურსს მოითხოვს. მართლაც, 2015 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სამეფო მამულების დაცვას დროის ორი მესამედი მიაქვს.
მონარქიის შენახვის მთლიანი ხარჯების ოდენობა 2013 წელს მიღებული კანონის შემდეგ გახდა ცნობილი. „ეს არის კანონი შემოწირულობების შესახებ, რომელიც მონარქიის კონსოლიდირებული ბიუჯეტს ასაჯაროებს. ამ ბიუჯეტს ყოველწლიურად პარლამენტი ამტკიცებს, რაც მეტი გამჭვირვალობის საშუალებას იძლევა“, – ამბობს ვინსენტ დიუჟარდინი.
ბოლო წლებში ბიუჯეტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება:
· 2024 წელი – 20,925,030 ევრო;
· 2023 წელი – 19,618,407 ევრო;
· 2022 წელი – 19,730,807 ევრო;
· 2021 წელი – 16,972,135 ევრო;
· 2020 წელი – 15,309,504 ევრო.
დროთა განმავლობაში, ის თითქმის 40%-ით გაიზარდა, რაც, კერძოდ, ინფლაციითა და სახელფასო ხარჯებით არის განპირობებული.
სამეფო ოჯახის უსაფრთხოების დაცვა 2024 წელს 21 მილიონი ევრო დაჯდა.
სამეფო ოჯახის უსაფრთხოების დაცვა ბელგიაში უფრო ძვირი ჯდება თუ ევროპის სხვა მონარქიულ სახელმწიფოებში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, სადაც სამეფო ოჯახი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებაში, კომუნიკაცია გამორიცხულია. გაზეთ „გარდიანის“ ჟურნალისტებმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს. მათ სამეფო ოჯახის უსაფრთხოების ხარჯების შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს და ამისთვის სასამართლოში უჩივლეს. დახურული მოსმენის შემდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ ტიპის ინფორმაცია, შესაძლოა, პირადი თავდასხმების წახალისების მიზეზი გახდეს.
ნიდერლანდებში, ვილემ-ალექსანდერის უსაფრთხოების ხარჯები შედის სამეფო ოჯახის ყოველწლიურ ბიუჯეტში, რომელიც 50 მილიონი ევროთი არის განსაზღვრული. ეს მისია პოლიციასა და არმიას აკისრია. სამხედროების ხელფასების ოდენობა 2.3 მილიონი ევროა. სხვა დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომი არ არის.
და ბოლო მაგალითი: საფრანგეთი. აქ მონარქიაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ იმის თქმა შეგვიძლია, რომ პრეზიდენტ ს უსაფრთხოება 30 მილიონ ევროზე მეტი ჯდება. მასში შედის სპეციალური დანაყოფების აგენტებისა და რესპუბლიკური გვარდიის ხელფასები, ასევე ყოფილი პრეზიდენტების, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯები. დამატებითი დეტალები არც ამ შემთხვევაშია ცნობილი.
წყარო: 1 არხი